ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინოფესტივალი – “მე-ადამიანი”


კინოხელოვნებას უკანასკნელ დროს ზედმეტად პოლიტიზირებაში სდებენ ბრალს და კინემატოგრაფისტების პასუხი ამ ბრალდებაზე, უმეტეს შემთხევაში მსგავსი შინაარსის არის და დაახლოებით ასე ჟღერს: - “თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა ეხება თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ ადამიანს. თუკი ჩვენ გვერდს ავუვლით პოლიტიკას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვალს დავხუჭავთ რეალობაზე, სინამდვილეზე. კინოხელოვნება კი ყველაზე ახლოს დგას სინამდვილესთან”. ამიტომაც მოხდა, რომ კინოს პოლიტიზირების ტენდენცია უვე გარკვეულ კონიუქტურადაც იქცა და დიდ წარმატებაზე ორიენტირებული კინორეჟისორები, საკუთარ ნაწარმოებს იმ თემებს უძღვნიან, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში ყველაზე აქტუალურია. ესთეტიკური კინოს თავყვანსიმცემლები ამის გამო ხშირად სრულიად სამართლიანად აკრიტიკებენ პოლიტიკურ კონიუქტურაში მოქცეულ კინემატოგრაფს. ამგვარი კრიტიკა უფრო იშვიათად კინო დოკუმენტალისტების მისამართით ისმის და აქ ბუნებრივია სრულიად ლოგიკური ახსნა არსებობს.

დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ფუნქცია ისტორიის შექმნაც არის - სინამდვილის დოკუმენტალურად ასახვა. როგორც კინოს მოყვარულს, არ შეიძლება გული არ მწყდებოდეს, რომ საქართველო, რომელმაც უკანასკნელი 2 ათწლეულის მანძილზე მისთვის ერთე-რთი ყველაზე საინტერესო და მძიმე პერიოდი გაიარა (და ჯერ კიდევ გადის,) არ შექმნილა კარგი დოკუმენტური ფილმი. ჩვენს დოკუმენტალისტებს არ აღმოაჩნდათ უნარი, თანამედროვე საქართველო ხელოვნების რანგში აეყვანათ და წარმოედგინათ ის სინამდვილე, რომელიც არა მხოლოდ ზედაპირზე მოჩანს, არამედ სიღრმესი არსებობს. ეს მართლაც დასანანია და რაც მთავარია სამწუხაროდ, გარკვეულწილად დაგვიანებულიც შეიძლება იყოს. ჩვენს მოსაზრებაში დასარწმუნებლად ფესტივალი, რომელიც დღეს იწყება საუკეთესო მაგალითია.

მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი “მე-ადამიანი” დღეს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალზე შესაძლებლობა მოგვეცემა ვნახოთ დოკუმენტური ფილმები იმ თემებზე, რომელიც სხვა ქვეყნების რეალობას ასახავს, მაგრამ ჩვენთვისაც ძალიან აქტუალურია. ვნახოთ ფილმები და შემდეგ გავმართოთ დისკუსიები. ვისაუბროთ პრობლემაზე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ლოკალური, ზედაპირზე ამოტივტიებული სინამდვილით. ფესტივალის შესახებ მისი ორგანიზატორი საპროდუქციო კომპანია “საქდოკ ფილმის” წარმომადგენელი, კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში მოგვახსენებს.

სალომე ჯაში – ეს არის სამხრეთ კავკასიური ფესტივალი. ანუ ის ტარდება სამხრეთ კავკასიის 27 ქალაქსა და სოფელში სხვადასხვა ადგილას. ამ ფესტივალზე არის წარმოდგენილი ფილმები ისეთი თემებით, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია. ეს არის კონფლიქტების თემა და ფილმები, რომელიც ადამიანის უფლებებს, ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის ეხება. ამ ფილმებით ქართველი მაყურებლისათვის იქნება მოცემული ის გამოცდილება რაც არსებობს საზღვარგარეთ. მაგალითად ისრაელ პალესტინის ბრძოლა, ჩეჩნეთის თემა...…ასეთი გამოცდილების ნახვა ჩვენ დაგვეხმარება მოვძებნოთ გამოსავალი ამ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით. ეს ფესტივალი არის ხელოვნების სფერო, დოკუმენტური კინო, რომელიც საქართველოში ძალიან დეფიციტურია.

ერთი სიტყვით, ვიდრე ქართველი დოკუმენტლისტები დუმან (ან სძინავთ), ვიდრე მათი სოციალური თუ შემოქმედებითი აქტივობა (საუკეთსო შემთხვევაში) მხოლოდ რამდენიმე საჯარო განცხადებით შემოიფარგლება, ყველა კინოს მოყვარულს და მშვიდობითა თუ ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ მაყურებელს ფესტივალზე დასწრებას მოვუწოდებ, რომელიც შესაძლებელია მომავალში რამდენიმე ახალი, საინტერესო და აქტუალური ქართული დოკუმენტური კინოს დასაბამიც გახდეს.

XS
SM
MD
LG