ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ირანია


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ირანია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თეირანი პალესტინელ ექსტრემისტებს, ლიბანში მოქმედ ორგანიზაცია ჰეზბოლას, ერაყელ მოთარეშეებსა და ავღანეთის თალიბებს უმართავს ხელს.

ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დელ დეილი ამბობს, რომ ირანი ამერიკის ძალისხმევას უთხრის ძირს:

“თეირანი იარაღს გზავნის ავღანეთში, რათა ამ ქვეყნებში დისლოცირებული კოალიციის ძალები განუწყვეტლივ იყვნენ ჩართულნი ბრძოლაში. ირანს არ აწყობს, რომ ავღანეთის უშიშროების ფონი გამოსწორდეს და შემდეგ იქ, ირანის საზღვრის უშუალო სიახლოვეში, ამერიკული სამხედრო ბაზები განლაგდეს”. ამბობს იგი.

ანგარიშში განცხადებულია, რომ ალ-ყაიდა და მასთან დაახლოვებული ჯგუფები, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ჯერ კიდევ დიდ საშიშროებას უქმნიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, ჯგუფის აქტივობის შენელების შემდეგ, ალ-ყაიდამ სული მოითქვა პაკისტანში და ახლა ისევ გაააქტიურა მოქმედება.

აქვე ისიცაა აღნიშნული, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ერაყში ალ-ყაიდას მოქმედება დაღმავალს განიცდის, პაკისტანში ეს ტერორისტული ორგანიზაცია ძალზე გაძლიერდა.

შეერთებული შტატების ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ცენტირ დირექტორის მოადგილე რას ტრევერსი ამბობს, რომ 2007 წელს ტერაქტების შედეგად დარუპულთა და დაჭრილთა ნახევარს მუსლიმანები წარმოადგენენ. ტერორისტებმა გაახშირეს მეჩეთებზე და ქალთა სკოლებზე თავდასხმებიც:

“ალ-ყაიდას ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებენ. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ ბაზრებსა და გასვენებების დროს მოწყობილი ტერაქტების ანალიზმა კი გამოავლინა, რომ მათ დაახლოებით ხუთი ათას ოთხასი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინამდვილეში მსხვერპლის რაოდენობა ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ეს ის რაოდენობაა, რომელზეც პასუხისმგებლობა თავად ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა იკისრეს”. აღნიშნა რას ტრევერსმა.

შეერთებული შტატები თვლის, რომ ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი და კუბა მხარს უჭერენ ტერორიზმს. თუმცა ჩრდილოეთ კორეა 1987 წლის შემდეგ შემჩნეული არ არის ასეთ ქმედებაში. შესაძლებელია, რომ ეს ქვეყანა უახლოეს მომავალში ამოიღონ შავი სიიდან.

XS
SM
MD
LG