ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ტრინკომალეში ახლადაღდგენილი ბაზარი გახსნეს


შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების სააგენტომ ცოტა ხნის წინ შრი ლანკას ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტრინკომალეში ახლადაღდგენილი ბაზარი გახსნეს. ზემოხსენებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ცერემონიას ტრინკომალეს ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

განადგურებული ბაზრის აღსადგენად შვიდასი ათასი დოლარის ოდენობის გრანტი იყო გამოყოფილი. გრანტის ერთ-ერთ ნაწილს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ბაზარში მოვაჭრეთა და ადგილობრივ ხელისუფალთა მომზადება წარმოადგენს.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ბაზრის აღდგენა ტრინკომალეს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების აღდგენას წაადგება”. განაცხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა რებეკა კონმა. მან დაამატა, რომ ბაზრის აღდგენა ამერიკის მიერ შრი ლანკაში დაფინანსებული იმ პროექტების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრებთა კეთილდღეობას და საერთოდ მთელი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

წელს ცუნამის მიერ დაზარალებულ შრი ლანკაში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ას ოცდაათ მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების სადამხმარებლო პროგრამის დასრულებას აპირებს. პროგრამით, აგურამის ყურეზე ხიდის გადება, პოტუვილში წყლის მომარაგების სისტემის გამართვა, ჰიკადუვა მარისაში მეთევზეთა ნავსაყუდელის რეკონსტრუქცია, ცუნამით დაზარალებულ დასახლებებში ოთხმოცდაშვიდი ბავშვთა სათამაშო მოედნის, სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სარეკრეაციო-მოსამზადებელი ცენტრების მშენებლობა ხორციელდება.

შრი ლანკა ერთ ერთია 2004 წლის დეკემბრის მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულ იმ ქვეყანათა შორის, რომელებსაც ამერიკა დახმარებას აღმოუჩენს. შეერთებულმა შტატებმა რვაას ორმოცი მილიონი დოლარი გამოყო ასეთი დახმარებისთვის. დახმარების პროცესში ასევე მრავალი ამერიკელია ჩართული. ინდიანას უნივერსიტეტისფილანტროპიის ცენტრის გამოკვლევის თანახმად, ამერიკელმა კერძო პირებმა ცუნამით დაზარალებულთა დასახმარებლად სამი მილიარდი დოლარი გამოყვეს.

ამერიკული დახმარების წყალობით ორი მილიონ ექვსასი ათასი ბიზნესის აღორძინება მოხერხდა. აღადგინეს თერთმეტი ათასი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა. გაიცა მილიონ შვიდასი ათასი გრანტი და ოცი ათასამდე თემის წარმომადგენებს ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნაში წვრთნა ჩაუტარდათ. შეერთებული შტატები აგრძელებს ცუნამით დაზარალებული რეგიონებისთვის სრული აღორძინებისკენ მიმართული დახმარების აღმოჩენას.

XS
SM
MD
LG