ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს ლიდერთან შეხვედრის წინ ჯორჯ ბუში ზაგრებში ჩავიდა


აშშ პრეზიდნეტი ჯორჯ ბუში ხვალ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. დღეს კი იგი ხორვატის სტუმრობდა. დედაქალაქ ზაგრებში მან უკვე ქებით მოიხსენია ხორვატიაში არსებული დემოკრატია. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ხორვატიის მიწვევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დასტურია იმისა, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ სტანდარტებს მიაღწია. ამერიკელმა ლიდერმა ხორვატი ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ ამერიკა და ნატო, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაეხმარებიან მათ. შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე ცოტა ხნის წინ ხორვატია და ალბანეთი ოფიციალურად მიიწვიეს ნატოში. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: “ხორვატმა ხალხმა გადალახა ომის საშინელება და სიძნელეები, რათა მშვიდობიანად ეცხოვრა მეზობელი ქვეყნების გარემოცვაში, დედამიწაზე ამ ერთერთ უმშვენიერეს კუთხეში.” პრეზიდენტმა ბუშმა მადლობა მოუხადა ალბანეთს, ხორვატიასა და მაკედონიას მათი მხარდაჭერისთვის ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. მან აქვე სინანული გამოხატა, რომ ვერ მოხერხდა მაკედონიის გაწევრიანება ალიანსში, თუცა ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა რომ მაკედონია ნატოს წევრი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს. ამ ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუს ლიდერებს შეხვდა, განაცხადა, რომ ამერიკის მოსაზრებები რაკეტსაწინაღო თავდაცვის შესახებ რუსეთში მოისმინეს. “იმედი გვაქვს, რომ ურთიერთგაგების იმ დონეს მივაღწევთ, როდესაც ორივე მხარეს ჭეშმარიტი დაინტერესება ექნება სარაკეტო თავდაცვის სისტემის ირგვლივ. თუმცა ამას დრო გვიჩვენებს.”
XS
SM
MD
LG