ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი საკითხები ნატოს მომავალ სამიტზე


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 41 ათასი ჯარისკაცი ავღანეთის მთავრობას ქვეყნის აღმშენებლობასა და სტაბილიზაციაში ეხმარება. უცხოეთთან ურთიერთობის საბჭოს ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი აცხადებს, რომ ნატომ გარკვეული წვლილი შეიტანა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობის წარმატებაში--წესრიგი აღედგინა ავღანეთის გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში. მეორეს მხრივ, კუპჩანის განცხადებით, თალიბებმა ხელთ იგდეს კონტროლი ქვეყნის სხვა რაიონებში. “ბოლო დროს, დაღუპულთა რიცხვი იზრდება. იზრდება ძალადობა, კამიკაძე ტერორისტების აფეთქებები და თავდასხმები ნატოს, ავღანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.” კუპჩანის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა თუ რამდენად მიაღწევს წარმატებას ნატო ავღანეთში. მისი და სხვა ექსპერტების განცხადებით ავღანეთის თემა წამყვანი საკითხი იქნება ნატოს მომავალ სამიტზე. გადამწყვეტი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად დასთანხმდებიან სხვა წევრი ქვეყნები დამატებითი ძალების გადასროლაზე და მოხდება თუ არა დამატებითი ძალების დისლოცირება სწორედ ავღანეთის სამხრეთში, იქ სადაც ყველაზე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ბუქარესტის სამიტზე, ნატოს ლიდერები ამ ალიანსში ასევე ახალ წევრებს მიიღებენ. ანალიტიკოსების აზრით, ნატო ალბანეთსა და ხორვატიას გაწევრიანებაზე ოფიციალურ მოწვევას გაუგზავნის. მაკედონიის სტატუსი კი ჯერჯერობით გაურკვეველია. პრეზიდენტ ქლინტონის ადმინისტრაციისას, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში რობერტ ჰანტერი ამბობს, რომ საბერძნეთი უკვე დაიმუქრა რომ მაკედონიის ალიანსში დაშვებას გააპროტესტებს. “ბერძნები შეშფოთებულები არიან რადგან მათთაც აქვთ პროვინცია მაკედონიის სახელწოდებით და ათენის მტკიცებით არის საშიშროება იმისა, რომ მიწის ამ მონაკვეთს ვეღაც მომავალში მიიტაცებს. მიმაჩნია, რომ აქ ბერძნებმა უკან უნდა დაიხიონ და ჩვეულებრივად მიიღონ ის ფაქტი, რომ რომელიმე სხვა ქვეყანა თავის თავს უწოდებს იმას, რაც მას სურს. უმჯობესი იქნება, რომ ეს ქვეყანა, ამ შემთხვევაში მაკედონია, ნატოში გაწევრიანდეს, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ დარჩეს.” კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატოს სამიტზე დადგება არის საქართველოსა და უკრაინის თხოვნა ნატოში გაწევრიანების შესახებ. რუსეთი საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია, ისევე როგორ ნატოს წევრი სხვა ქვეყნები, მაგალითად საფრანგეთი და გერმანია. თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის ლიდერის ჯორჯ ბუშის შეხვედრის დროს, ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სრული გაწევრიანებისადმი. ამას გარდა, ნატოს სამიტამდე ადრე მომავალ კვირას, პრეზიდენტი ბუში გეგმავს უკრაინაში ვიზიტს. ამ ფონზე, ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში ფაქტობრივად რუსეთის პროვოცირებაა. “ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში, მისი ე.წ. თავისუფლების იდეების გავრცელების ნაწილია: მოდი ბალტიისპირეთში ჩავალ, შემდეგ საქართველოშიც გავჩერდები და ბოლოს უკრაინასაც მოვინახულებ. ეს ყველაფერი კი რუსეთის პროვოცირებაა.” და ბოლოს, მაშინ როდესაც ნატოს წევრები მომავალ კვირას დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მთავარი საკითხების ირგვლივ იმუშავებენ, ანალიტიკოსების ვარაუდით სამიტზე მიღწეული შედეგები ალიანსის საქმიანობის მომავალს განაპირობებს.
XS
SM
MD
LG