ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ ერაყის ომის დაწყებიდან ხუთი წელი სრულდება


ერაყში შეჭრიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ ამერიკელ ჯარისკაცებს ჯერ კიდევ უწევთ მოთარეშეებთან ბრძოლა. შეერთებული შტატების ლიდერობით სამხედრო კოალიციის სამას ათასიანმა სამხედრო კონტინგენტმა 2003 წლის ოც მარტს გარიჟრაჟზე მიიტანა დარტყმა ერაყზე. მიზანს სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დაქმხობა წარმოადგენდა, რომელსაც ამერიკა და მისი მოკავშირეები მასობრივი მოსპობის იარაღის წარმოების მცდელობაში სდებდნენ ბრალს.

ომისთვის მზადების პროცესში შეერთებული სტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის წინაარმდეგ მიმართული მასალა წარუდგინა. საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა აეროფოტოსურათები წარადგინა, რომლებზეც ერაყში მდებარე ქიმიური და ნერვსაწინააღმდეგო იარაღის შესაქმნელად გათვლილი ლაბორატორიები იყო აღბეჭდილი:

“ბატონებო და ქალბატონებმა ეს ძალზე დახვეწილი ობიექტებია. აქ ჯილეხისა და ბოტულიზმის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღის შექმნაა შესაძლებელი. ამ იარაღით ათი ათასობით ადამიანის განადგურებაა შესაძლებელი”. განაცხადა მაშინ ბატონმა პაუელმა.

ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო კონტინგენტმა ერაყში შეჭრიდან სულ ცოტა ხანში მიაღწია მთავარ მიზანს და სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო. თავად სადამი კი 2003 წლის დეკემბერში ჩაიგდეს ხელთ და სამი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

თუმცა ინტენსიური ძებნის მიუხედავად მასობრივი მოსპობის იარაღს ვერსად მიაგნეს. 2004 წლისთვიუს უკვე ნათელი გახდა ის, რომ ერაყის ხელთ არსებული მასობრივი მოსპობის იარაღის მარაგი, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იქნა განადგურებული.

ამავდროულად სუნიტების წიაღში წარმოქმნილმა მოთარეშეთა რაზმებმა წამოიწყეს ბრძოლა. მოთარეშეთა ტაქტიკამ მრავალი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკელთა გარდა მოთარეშეები შიიტ ერაყელებსაც ებრძოდნენ:

“ჩვენ ერაყში სულ სხვაგვარი ომის წარმოებისთვის ვიყავით მზად, რომელიც სადამის რეჟიმის დამხობასა და რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა. არ გვეგონა, რომ სტაბილურობის დამყარება და გათიშული ერის შეკოწიწება დაგვჭირდებოდა. ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით”. ამბობს საერთაშორისო სტრატეგიის ცენტის სამხედრო ექსპერტი ენთონი კორდისმენი.

სუნიტი და შიიტი შეიარაღებული ფორმირებების მოწყობილი აფეთქებების შედეგად, გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. მრავალი ტარაქტის უკან ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლი იდგა. 2006 წლისთვის ერაყში უკვე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. გასული წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში დამატებით ოცდაათ ათასიანი სამხედრო კონტინგენტის გადასროლის ბრძანება გასცა. ახალმა ტაქტიკამ გაამართლა და სამოქალაქო პირთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით სამოცდაატი პროცენტით დაეცა:

“ჩვენ ალ-ყაიდას წინაარმდეგ მიმართულ სუნიტ ტომთა სპონტანურ ბრძოლას გეზი მივეცით და “ერაყის ვაჟიშვილთა” მოძრაობას ჩავუყარეთ საფუძველი. ეს მოძრაობა ახლა ოთხმოცდაატ ათასამდე მებრძოლს ითვლის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავისდაუნებლიედ დახმარება თავად ალ-ყაიდამაც გაგვიწია. ალ-ყაიდამ თავისი მოქმედებით საკუთარი თავისადმი მტრულად განაწყო სუნიტებიც კი და მრავალმა ყოფილმა მოთარეშემ ამერიკელებთან თანამშრომლობაც კი არჩია”. ამბობს ენთონი კორდისმენი.

სამხედრო ძალების გაფართოების სტრატეგია ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა შეიმუშავა:

“ჩვენმა სტრატეგიამ ნაყოფი გამოიღო, მაგრამ მე მას გამარჯვებას ან წარმატებას მაინც ვერ ვუწოდები”. განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს გენერალმა.

მოგვიანებით გენერალმა პეტრეუსმა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებს მოახსენა, რომ ერაყის მთავრობამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ერის აღორძინებისა და ხალხისთვის ცხოვრების გაადვილების საქმეში:

“ერაყში ადვილად არაფერი ხდება. პროგრესის მიღწევა და მისი შენარჩუნება ძალზე ძნელია, იმიტომ, რომ ეს პროგრესი ჯერ-ჯერობით ძალზე მყიფეა. ჯერ კდევ მრავალი პოლიტიკური საკითხი და შეთანხმებაა მისაღწევი”. უთხრა ამერიკის ხმის კორესპონდენტს გენერალმა პეტრეუსმა.

ერაყის ომს უკვე ოთხ ათასამდე ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ამჯამად ამერიკელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. თუმცა პრეზიდენტი ბუში ამ აზრს არ იზიარებს;

“სადამ ჰუსეინის დამხობის გადაწყვეტილების მიღებას ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისშიც სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევდი და ახლაც ასე ვთვლი. ჩემის აზრით ეს სამუდამოდ დარჩება სწორ გადაწყვეტილებად”. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG