ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია - ომის ინსპირაცია


უკანასკნელ დროს, ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მედიაში, სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება კონფლიქტური ზონების თემა. რუსეთი თავის მხრივ სისტემატიურად აგრძელებს სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებებს, თუ ინიციატივებს აფხაზეთთან დაკავშირებით, აგრეთვე ცოტა ხნის წინ სოხუმში დატყვევებული იყო ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტი და ა.შ. ერთი სიტყვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული და რეიტინგული თოქ-შოუ უკვე მესამედ, უკანაკსნელი ერთი თვის მანძილზე გადაცემას, სწორედ აფხაზეთს უძღვნის. რიტორიკა სატელევიზიო გადაცემებში არც თუ მშვიდობისმოყვარეა.

განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ ძალადობრივი პათოსი, სწორედ მედიის წარმომადგენლების მხრიდან უფრო შეიმჩნევა, ვიდრე დარბაზში მოწვეულ სტუმრებსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. აი, ერთი პატარა მაგალითი. ინტერაქტივი, რომელსაც ინგა გრიგოლია საკუთარ გადაცემაში ატარებს, ამგვარად ჟღერს: “თუ ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, უნდა აირჩიოს თუ არა თბილისმა ომის გზა?” კითხვის ამგვარი ფორმულირებისას, ალბათ ექსპერტის მოსაზრება არ არის საჭირო, რადგან ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ამ შემთხვევაში კითხვა, ითხოვს პასუხს. უნდა აირჩიოს თუ არა თბილისმა ომის გზა, გარანტირებულ პოზიტიურ, შინაარსობრივად კი ნეგატიურ პასუხს გულისხმობს. ამიტომაც მაშინდელ “პრაიმ ტაიმში” მაყურებელთა 75 პროცენტი, სწორედ ომის გზას ანიჭებდა უპირატესობას. კონფლიქტოლოგი თინა ღოღელიანი მოგვახსენებს - რა როლი შეიძლება ქონდეს მედიას კონფლიქტების დარეგულირების პორცესში.

თინა ღოღელიანი - რა თქმა უნდა მედია ძალიან დიდ როლს ასრულებს კონფლიქტების გაშუქების პროცესში, როგორც პრესა, ასევე ტელევიზია და ძალიან დიდ გავლენას ახდენს დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში საზოგადოებაში. მედიას აქვს უნარი კონფლქიტი კიდევ უფრო გაამწვავოს, მაგრამ მას ასევე გააჩნია უნარი დადებითი როლი შეასრულოს, მიაწოდოს მაყურებელს ობიექტური, გაწონასწორებული ინფორმაცია. არის შემთხვევები, როდესაც მედიამ თავად უნდა განსაზღვროს, რომელი ინფორმაციის გადაცემა შეიძლება და რომელი ინფორმაციის არა. შესაძლებელია, რომელიმე სიახლემ გამოიწვიოს სიტუაციის გამწვავება, დესტრუქცია. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი არა მხოლოდ ინფორმატორის როლში გვევლინება, არამედ სახელმწიფოებრივი შეგნების მოქალაქის როლში. ალბათ არის იმის მცდელობა, რომ დაბალანსებული ინფრომაცია მიეწოდოს მსმენელს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დარღვევებია. აი მაგალითად, როდესაც გაათავისუფლეს მზის ჟურნალისტი, მან განაცხადა, რომ აფხაზეთში ძალიან ეშინიათ ქართველების და საქართველოს პრეზიდენტის. თუკი ეს მართლაც ასეა, ეს ძალიან ცუდია, რადგან შეშინებული მოწინააღმდეგე არასდროს დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. და გნებავთ ასე იყოს, ამის შესახებ ჟურ-ნალისტმა საჯაროდ არ უნდა განაცხადოს.

ასე, რომ ალბათ კონფლიქტების თემა ის საკითხია, სადაც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა თავი უნდა შეი-კავოს გაუცნობიერებელი, გაუანალიზებელი, ემოციური განცხადებებისგან. იმედი ვიქონიოთ, რომ მო-მავალში ქართული მედია გაცილებით უფრო კონსტუქციული და პროფესიონალური გახდება, ვიდრე ის დღემდე იყო.

XS
SM
MD
LG