ექსპერტების აზრით, ეკონომიკური სანქციების შემოღებას არაერთგვაროვანი წარმატება მოჰყვება:
“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით მნიშვნელოვანი წარმატება მხოლოდ ყოველ მესამე შემთხვევაში აღინიშნება. წარმატებას ძირითადად იმ შემთხვევებში ვაღწევთ, როდესაც მისაღწევი პოლიტიკური მიზანი ძალზე მნიშვნელოვანი არ არის. ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ქვეყნის მთავრობის მოწესრიგებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ბირთვული იარაღის შესაქმნელი ადრეული სამუშაოების შეჩერებას და მსგავსი მიზნების აღსრულებას ვისახავთ”. ამბობს პატერსონის ეკონომიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრიომელი გარი ჰაფბაუერი.
მაგალითად სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ შემოღებულმა საერთაშორისო სანქციებმა 1994 წელს აპარტეიდის დასრულებას შეუწყო ხელი:
“სამხრეთ აფრიკის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა იზოლაციამ, პარტიზანულმა ბრძოლამ და ქვეყნის მართვის თითქმის შეუძლებლობამ, მთავრობა მიახვედრა, რომ აპარტეიდის გაგრძელება მხოლოდ აგონია იქნებოდა ქვეყნისთვის და მოლაპარაკებებისკენ უბიძგა”. გვეუბნება სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი ფრენსის კორნეგაი.
“1989 წელს გეოპოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი ის, რომ პრეზიდენტმა ფრედერიკ დე კლერკმა 1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემიდან ოთხ თვეში “აფრიკის ეროვნული კონგრესის” მოღვაწეობას აკრძალვა მოუხსნა”. ამბობს იოჰანესბურგში მდებარე ეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის დირექტორი აზარ ჯამინე. მისი თქმით, “აფრიკის ეროვნული კონგრესის” ბრძოლას, მსოფლიოს კომუნისტური მთავრობები უმართავდენნ ხელს და კომუნიზმის დაცემამ სამხრეთ აფრიკის ლიდერებს შიში გაუქარწყლა.
ასევე ითვლება, რომ სანქციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ლიბიის შემთხვევაშიც. საბოლოოდ ლიბიამ აღიარა, რომ შოტლანდიაში განხორციელებული თვითმფრინავის აფეთქება ლიბიის მოწყობილი იყო და ტერორიზმი დაგმო. თუმცა ლიბიის ელჩი შეერთებულ შტატებში ალი აუჯალი ამბობს, რომ გადამწყვეტი როლი მაინც საერთაშორისო დიპლომატიამ ითამაშა:
“სანქციებს სხვა ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა არ ძალუძს. სანქციები ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს. მთავარი ისაა თუ რამდენად ვართ ჩვენ მოწადინებულნი მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების მოგვარებაში. სწორედ ასეთმა სურვილმა მოაგვარა დასავლეთსა და ლიბიას შორის არსებული კრიზისი”. ამბობს ბატონი აუჯალი.
ექსპერტების აზრით, ეკონომიკური სანქციები პირველ რიგში საზოგადოების ყველაზე დაუცავ ნაწილს ვნებს. ანუ სწორედ მათ ვის საკეთილდღეოდაც შემოიღებენ ხოლმე ასეთ სანქციებს:
“სამხრეთ აფრიკა თითქმის ყველაფერს თავად აწარმოებდა. ამან კი ქვეყნის მთავრობა აიძულა, რომ სავაჭრო პოლიტიკაში პროტექციონიზმი გამოეყენებინა, რაც მაღალი სატარიფო ბარიერების შემოღებას ნიშნავდა”. ამბობს აზარ ჯამინე.
იგი აგრძელებს, რომ ამის შედეგები აპარტეიდის დამხობის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნებოდა:
“სანქციების მოვლის მრავალი გზა არსებობს. რასაც სამხრეთ აფრიკა წარმატებით ახერხებდა. თანაც ამას ემატება ის, რომ არსებობდა ქვეყანათა მთელი, როგი, რომლებსაც ძალზე აწყობდათ სამხრეთ აფრიკასთან ვაჭრობა”. ამბობს პატერსონის ეკონომიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრიომელი გარი ჰაფბაუერი.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციები შეიძლება ნაკლებად ეფექტური გახდეს გლობალური ეკონომიკის გაძლიერების ეპოქაში, ისინი მაინც იარსებებს ვინაიდან სანქციები გარდამავალ ზომას წარმოადგენს დიპლომატიასა და სამხედრო ინტერვენციას შორის.