“ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის პოლიტიკა დინამიკურ და პოზიტიურ ცვლილებებს განიცდის”. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში თომას შენონმა.
“ეს დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გავრცელებაში და ეკონომიკურ ინტეგრაციაში გამოიხატება. ამ რეგიონმა პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება განიცადა მას შემდეგ, რაც ავტორიტარული რეჟიმებიდან დემოკრატიულად არჩეული მთავრობებისკენ წავიდა.
რეგიონი დახურული ეკონომიკებიდან ღია ეკონომიკისკენ და გლობალური ბაზრისკენ მიემართება”. აღნიშნა ბატონმა შენონმა.
ამერიკის პოლიტიკის მიზანს რეგიონში დემოკრატიული მმართველობებისთვის ხელის გამართვა, რათა მათ სიღარიბესთან და სხვა სოციალურ სნეულებებთან გამკლავება შესძლონ.
“ამ მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატები ოთხ მთავარ მიზანს სახავს. პირველი, დემოკრატიული მმართველობების კონსოლიდაციაა. მეორე ისაა, რომ შეერთებული შტატები რეგიონის კეთილდღეობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავებისათვის იღვაწებს”. ამბობს ბატონი შენონი.
თუმცა ეკონომიკური შესაძლებლობები ბევრს ვერაფერს მოიტანს იმ შემთხვევაში თუ ხალხი პროფესიულად არ იქნება მომზდებული. აქედან გამომდინარე კი მესამე მიზანი ამერიკის მიერ ხალხის პროფესიულად მომზადებაში ინვესტირებას, ხოლო მეოთხე კი ლათინური ამერიკის უშიშროების გარანტიის მიღწევას ითვალისწინებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თომას შენონი ამბობს, რომ უშიშროებასა და წარმატებას შორის კავშირის არსებობა აშკარაა.
“ლათინური ამერიკის ხალხის უშიშროების დაცვით, ჩვენ დემოკრატიის განვითარებას და სოციალურ სამართლიანობას ვუწყობთ ხელს. ჩვენ ხალხს და სახელმწიფოებს იმის პირობას ვუქმნით, რომ მათ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიონ”. აღნიშნავს ბატონი შენონი.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სამხრეთ ამერიკის განვითარების საქმეში ძალზე მოწადინებულია.
“შეერთებული შტატები დემოკრატიას განვითარებას, საბაზრო ეკონომიკას და ინვესტიციებს უკავშირებს და ცდილობს, რომ დემოკრატია ყოველ მოქალაქეს ეფექტიურად და სამართლიანად ემსახუროს”. დაასრულა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თომას შენონმა.