ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი


როგორც იქნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შესაძლებელია აქტუალური თემა - საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავიდან დაკომპლექტება - შესრულებას დაექვემდებარა. უკვე ჩვენს წინაშეა ახალი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება და რომელმაც უახლოეს მომავალში ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მამუკა ფაჩუაშვილი, ირმა სოხაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მიხეილ ჭიაურელი, ბაკურ სულაკაური, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ხარატიშვილი, მარინა ვეკუა და ლევან გახელაძე. გენდერული ბალანსი აშკარად დარღვეულია, მაგრამ პოლიტიკური პარიტეტი დაცული. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 4-4 კანდიდატურა გაიყვანა და ერთი ნეიტრალური ფიგურის სახით, სიაში საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინა ვეკუა აღმოჩნდა. ერთი სიტყვით საკითხი, რომელიც პოლიტიკური ელიტისა და აგრეთვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, ამ ეტაპზე გარკვეულწილად მოგვარებულია. მაგრამ აშკარა ის გახლავთ, რომ როგორც სატელევიზიო დებატების მიხედვით ირკვევა, წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა ფუნქცია აქვს სამეთვალყურეო საბჭოს, არა მხოლოდ საბჭოს წევრებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას არა აქვს სრულად ან სწორად. ფართო აუდიტორიისათვის ცნობილია, რომ სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს ახალ დირექტორს და აგრეთვე განსაზღვრავს არხის პოლიტიკას, პრიორიტეტებს. ნაწილი კი გაცილებით დიდ და გადამწყვეტ ვალდებულებებს აკისრებს საბჭოს წევრებს, რომელიც მათთვის კანონით არ მიუნიჭებიათ. ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი მოგვახსენებს, რა ფუნქცია უნდა ქონდეს სამეთვალყურეო საბჭოს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ნანა ზარდიაშვილი – როგორც ვთქვით ეს არის ტელევიზიის ზედამხედველობის ინსტიტუტი, უმაღლესი მმართველობის ორგანო. მას, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რამ ევალება. ძირითადად ასე ხდება ხოლმე, რომ ის ნიშნავს დირექტორს, მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრს, უშუალო მონაწილეობას იღებს პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებაში, აკვირდება რამდენად არის დაცული ბალანსი, რამდენად გამოხატავს ის ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესს და ა.შ. ეს მოდელი აქამდე ჩვენს შემთხვევაში არ მოქმედებდა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ის გაცილებით უფრო ქმედიი გახდეს. სხვათაშორის ძალიან მცდარი წარმოდგენაა, ის რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას არ უნდა ქონდეს რეიტინგი. მთავარი, სწორედ ის გახლავთ, რომ უნდა იყოს მაღალი ნდობა.

- ხშირად კითხულობენ თუ რა შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მომავალში ქართული საზოგადოება უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიიღებს?! ალბათ ყველაზე დიდი გარანტია, სწორედ საზოგადოების ინტერესსში დევს. თუ ეს მაუწყებელი ასევე დარჩება საქართველოს მოსახლეობის ინტერესში და მასზე გაგრძელდება სჯა-ბაასი, ის ნელ-ნელა კიდევ უფრო ააჩქარებს განვითარების ტემპს და გაცილებით უფრო მეტად იფიქრებს მაყურებლის მოზიდვაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მის რეიტინგზე აისახება.

XS
SM
MD
LG