ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციამ ხელისუფლებას კიდევ 4 დღე მისცა 


ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ დღეს დღის 2 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიცია შიმშილობის აქციას იწყებდა. ხალხი პარლამენტთან შეიკრიბა, თუმცა არც ისე ბევრი. სულ 200-მდე ადამიანი იქნებოდა. მაგრამ მათ პარლამენტის წინ ოპოზიციის მხოლოდ 2 ლიდერი დახვდათ, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილი და ბ-ნ გოგა ხაინდრავა, რომლებსაც აქციაზე მისული ელექტორატი უამრავ კითხვას უსვამდა, ძირითადად საყვედურობდა, რატომ გადადო ოპოზიციამ შიმშილობა და საპროტესტო აქციები. ვინც ს.ზურაბიშვილს და გ.ხაინდრავას ამ კითხვებით მიმარტავდა, მათ არ იცოდნენ, რომ მანამდე პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე ლევან გაჩეჩილაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა :

ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული! 26 თებერვლამდე საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას ეყოლება ახალი გენერალური დირექტორი; 15 მარტამდე ცსკოს ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ამიტომ დღეს ჩვენ შეგნებულად არ მივდივართ სიტუაციის გამწვავებაზე. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია პრობლემების ცივილურად გადაწყვეტა. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა მთელი საქართველოს წინაშე. დღეის შემდეგ მე თუ კიდევ მოვალ ამ შენობასთან, ან მე დავრჩები აქ, ან დღევანდელი ხელისუფლება აღარ იქნება საქართველოს სათავეში.

მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, პარლამენტის შენობასთან მისული ხალხი იმედგაცრუებული ჩანდა, მათ საყვედურებს გოგა ხაინდრავა ისმენდა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას შიმშილობის არდაწყების შესახებ შემდეგნაირად განმარტავდა, ამბობდა, რომ სწრაფად ასეთი საქმეები არ კეთდება, რომ 40 წელი ატარა მოსემ ებრაელები უდაბნოში...

როგორც ვიცით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას 17 მოთხოვნა წაუყენა, მაგრამ მას შემდეგ ლაპარაკია სამზე, ეს მოთხოვნებია : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცსკოს თავმჯდომარის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაგომა. არის ეს სამი მოთხოვნა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ქუჩაში გამოვიდა ? - ამ კითხვაზე შეგვიძლია მოვისმინოთ თანასწორობის ინსტიტუტის წევრის ჯაბა ჯიშკარიანის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას 3-4 დღეში დაპირდა. ჯ.ჯიშკარიანის თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებას არ შეასრულებს, პროტესტი რადიკალურ ფორმებს მიიღებს.

XS
SM
MD
LG