ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტში კონფერენცია ჩატარდა


ოთხშაბათს ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტში, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კონფერენცია მოეწყო.

შეხვედრას ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის განყოფილების დირექტორი ზეინო ბარანი უძღვებოდა. პრეზიდიუმის წევრები იყვნენ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჯიმ კოლბი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენეტ უოლაკი და ჰადსონის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი ჩარლზ ფეირბენკსი.

შეხვედრა ქალბატონმა ბარანმა გახსნა. შემდეგ აუდიტორიის წინაშე ბატონი კოლბი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად ზოგი დარღვევისა არჩევნები ძირითადად აკმაყოფილებდა დემოკრატიულ ნორმებს:

“მაგალითად ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზოგ საარჩევნო პუნქტში ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ვინაობას ეკითხებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ ჩვენთან ამერიკაშიც ხდება და ეს ლეგალური პროცედურაა. პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლების ვინაობას იმიტომ ადგენენ, რომ დარწმუნდნენ, რომ მათი ამომჩრეველი მონაწილეობას იღებს პროცესში. მათ საკუთარი ამომრჩევლების სიები აქვთ და შემდეგ ისინი კარდაკარ დადიან და საკუთარ მარდამჭერებს მოუწოდებენ მათთვის ხმების მიცემას”. განაცხადა ბატონმა კოლბიმ.

“კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობას შემდეგისთვის გაეთვალისწინებინა და ხალხისთვის კარგად აეხსნა თუ რას ემსახურება ასეთი გამოკითხვები”. დაამატა მან. ბატონი კოლბის თქმით, საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის პროცესი ნორმალურად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. მას მხოლოდ ის არ მოსწონს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ასე გვიან გამოქვეყნდა. თუმცა პირველად გადათვლასა და საბოლოო მონაცემებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. მისი თქმით, საარჩევნო კომისია მონაცემებს უკვე არჩევნების დასრულებისთანავე ფლობდა და რატომ დასჭირდა კომისიას ამდენი დრო ამ მონაცემების გადასამუშავებლად მისთვის ნამდვილად გაუგებარია.

“თუ ოპოზიცია ფლობს მასალას დარღვევების შესახებ მათ ეს მასალა აუცილებლად საჯარო უნდა გახადონ და აღძრან სასამართლო პროცესი”. სთქვა ბატონმა კოლბიმ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტის კენეტ უოლაკის თქმით, მართალია ნოემბრის მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს იმიჯს, მაგრამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რომ საქართველო რეგიონის ყველა ქვეყნისგან გამოირჩევა დემოკრატიულობით:

“საქართველოს მეგობრები ზოგი ოპტიმისტურად და ზოგიც პესიმისტურად აღიქვავს სიტუაციას. ის, რომ სააკასვილმა მხოლოდ ხმების ორმოცდაცამეტი პროცენტი მიიღო ძალზე აღსანიშნავია. ასეთი მცირე პროცენტით რეგიონში არც ერთ ლიდერს არ გაუმარჯვებია. ძალზე მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება იმ დროს, როდესაც არჩევნებს ვაკრიტიკებთ. ეს წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”. განაცხადა ბატონმა უოლაკმა.

შემდეგ სიტყვით ჰადსონის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი ჩარლზ ფეირბენკსი გამოვიდა. მან არჩევნების ანალიზი შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას. რამდენიმე რუკისა და სქემის წარმოდგენის შემდეგ ბატონმა ფეირნბეკსმა განაცხადა, რომ მისი აზრით მიხეილ სააკაშვილმა ვერ გადალახა ორმოცდაათ პროცენტიანი ბარიერი.

ჩვენ ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის განყოფილების დირექტორს ქალბატონ ზეინო ბარანს დავუსვით კითხვა იმის თაობაზე თუ მისი აზრით რას ნიშნავდა ეს არჩევნები საქართველოს პრეზიდენტისთვის და რა შეიძლება მოყვეს მათ.

“ნათელია ის, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი არ არის კმაყოფილი იმით თუ როგორ იმართება ქვეყანა. ეს ქვეყნის პრეზიდენტმა აღიარა და მან და მმართველმა პარტიამ პირობა დადეს, რომ მომავალში გაითვალისწინებენ ხალხის აზრს და ცვლილებას შეიტანენ მართვის სტილში. ჩემის აზრით სწორედ ამას ქონდა დიდი მნიშვნელობა” გვიპასუხა ქალბატონმა ბარანმა.

“მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პირობას შეასრულებს და მომავალში უფრო კონსტრუქციულად იმოქმედებს”. დაასრულა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ბარანმა.

XS
SM
MD
LG