ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2008


დღევანდელი დღე ქართული საზოგადოებისათვის საარჩევნო თემებით იწყება და სრულდება. საათებთან ერთად იმატებს დაძაბულობა და იზრდება მოლოდინი. დღევნადელ დღესთან დაკავშირებით არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს 5 იანვარს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში – იყო ეს მისი, ქართული საზოგადოების გამარჯვება, იყო ეს კონკრეტული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური გაერთიანებების გამარჯვება თუ ხელუსუფლების მორიგი, ეშმაკური სვლა ან კი უბრალოდ კომპრომისი. ჩვენს კითხვას, ესპანეთიდან ახლად ჩამოსული ქართველი მწერალი, დავით ტურაშვილი პასუხობს.

დავით ტურაშვილიგარე სამყარომ, რომელზეც დამოკიდებულია სააკაშვილის ხელისუფლება მიიაღებინა, ნაადრევი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება. ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს – საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად წაგებული იქნებოდა, ერთადერთი გამოსავალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იყო, რადგან აქ მოგების შანსი გაცილებით დიდია. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესი მუდმივია. სულ ტყუილად ფიქრობს ხალხი, რომ რომელიმე არჩვენები, და მასთან ერთად მოსული ახალი ხელისუფლება, გადაწყვეტს პრობლემას, ჩვენ მუდმივად მოგვიწევს ამისთვის ბრძოლა. ამიტომ ბუნებრივია, უკანასკნელი მოვლენები საზოგადოების გამარჯვებაა, როგორც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ.

- ასე, რომ როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, ასევე დათო ტურაშვილისათვის, 5 იანვარი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ ეს პროცესი, არც ერთ არჩევნების დღესთან ერთად არ დასრულდება. რა პროგნოზს გააკეთებს და რას ინატრებდა მწერალი დათო ტურაშვილი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით?

დავით ტურაშვილითუ იქნება გაყალბება, იქნება არა ისეთი როგორც ადრე იყო, ეს ჩემი შთაბეჭდილებაა. ბუნებრივია მინდა რომ არ იყოს, მირჩევნია იმ კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვინც მაგალითად მე არ მსურს, ოღონდ გაიმარჯვოს კეთილსინდისიერად. კიდევ არ მინდა, რომ გამარჯვებული იყოს 80 პროცენტით – ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ ფარა ირჩევს არა პრეზიდენტს, არამედ მწყემსს. ასევე პოზიტიური სიახლე არის ის, რომ ყველა კანდიდატი მეტნაკლებად ცნობილია საზოგადოებისათვის და ჩვენ რეალურად გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი. აქამდე ხომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მუდმივად არსებობდა ერთადერთი კანდიდატი. ერთადერთი რასაც ვინატრებ, ეს არის რომ ჩატარდეს მეორე ტური – ამით საქართველო დაამტკიცებს, რომ ის მართლაც დემოკრატიის მგზაზე მდგომი ქვეყნაა. თუკი 7 ნოემბერს ჩვენ ერთ დღეში გავანადგურეთ დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ერთ დღეში აღვადგინოთ ის, და ამის შანსი მეორე ტურია.

- რამდენიმე საათში ცნობილი გახდება პირველადი შედეგები და კიდევ ერთხელ გაირკვევა, გადადგა თუ არა საქართველომ 5 იანვარს კიდევ ერთი ნაბიჯი წინ დემოკრატიისაკენ.

XS
SM
MD
LG