ლიბანის პოლიტიკური ლიდერები დღეს ბრიგადის გენერლის ფრანსუა ალ ჰაჯის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ალ ჰაჯი ბეირუთის შემოგარენში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
ლიბანის არმიის საპატიო ყარაული ალ ჰაჯის ცხედარს მიჰყვებოდა. ამის შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონია ბეირუთის ქრისტიან მარონიტთა ტაძარში გაგრძელდა.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, არმიის სარდალმა განაცხადა, რომ ლიბანის არმია ყველა ღონეს იხმარს, რათა მკვლელები დააკავონ. მან ასევე მოუწოდა მთავრობასა და ოპოზიციას ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი და პოლიტიკური დაპირისპირება დაასრულონ.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ არმიის მეთაური გენერალი მიშელ სულეიმანი პრეზიდენტად დაასახელონ. თუმცა, გამუდმებულმა დაპირისპირებამ სხვა საკითხების ირგვლივ პარლამენტის სპიკერი აიძულა არჩევნები გადაედო. ამ საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში ორშაბათისთვისაა დანიშნული.