ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში ცნობილი გენერლის მკვლელობის შესახებ


შეერთებულმა შტატებმა დაგმო ლიბანელი ბრიგადის გენერლის ფრანსუა ალ-ჰაჯის მკვლელობა, რომელიც ბეირუთის ქრისტიანებით დასახლებულ უბანში განხორციელდა. ეს მკვლელობა ლიბანში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ემთხვევა, როდესაც ქვეყნის პარლამენტი ლიბანის პრეზიდენტის არჩევას ვერ ახერხებს. გენერლის სიცოცხლე გასულ სამშაბათს ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა. ფრანსუა ალ-ჰაჯიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა მიმდინარე წლის დასაწყისში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ალ-ყაიდას მიერ ინსპირირებული ამბოხების ჩახშობაში. მოელოდნენ, რომ ალ-ჰაჯი ლიბანის არმიის მომავალი მთავარსარდალი გახდებოდა.

ჯერ-ჯერობით ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა ჰაჯის მკვლელობამდე ორი წლის განმავლობაში რვა ანტისირიულად განწყობილი პოლიტიკური მოღვაწე იქნა მოკლული. სირია უარყოფს ამ მკბვლელობებში მონაწილეობის მიღების ბრალდებას.

ლიბანს 23 ნოემბრის შემდეგ პრეზიდენტი არ ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა, რომლის პრეროგატივასაც პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს, ეს პროცესი უკვე რვაჯერ გადადო.

ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმეს გენერლის მკვლელობის ფაქტი:

„ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობის ფაქტს. ახლა ლიბანში ძალზე კრიტიკული პერიოდია. ქვეყანა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შენარცუნებას და ახალი პრეზიდენტის არჩევას ცდილობს”. განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანასემწემ რობერტ დენინმა. მან ეს განცხადება შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომისიის წინაშე გააკეთა. ასევე ბატონმა დენინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მიერ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი მხარდაჭერის ფაქტს.

გასულ ოთხშაბათს იერუსალიმში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა, საკმაოდ არაკონსტრუქციულად დაიწყო. პალესტინელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დასახლებების მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. ებრაელებმა კი ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა გააკრიტიკეს. ერთმანეთის წინაარმდეგ გესლიანი გამონათქვამების გამოყენების მიუხედავად მხარეებმა ორ კვირაში მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყვიტეს;

„ჩვენ დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად”. განაცხადა რობერტ დენინმა და დაამატა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ შეერტებულმა შტატებმა და მსოფლიო საზოგადოებრიობამ პალესტინელთა ავტონომიას საფინანსო დახმარება არმოუჩინონ:

„საქმეთა ახალი განვითარების გამო, პალესტინელთა ავტონომიის ახალი პრემიერ-მინისტრის სალამ ფაიადის მთავრობის შექმნის გამო, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობის დამყარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა”. აღნიშნა ბატონმა დენინმა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უშიშროების რეფორმისა და პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად დამატებით ოთხასი მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

XS
SM
MD
LG