ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ბირთვულ იარაღზე მუშაობა 2003 წელს შეაჩერა


შეერთებული შტატების დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, ირანმა ბირთვულ იარაღზე მუშაობა 2003 წელს შეაჩერა. თუმცა თეირანს ახლაც ძალუძს ასეთი სამუშაოების დაწყება. ამ ინფორმაციით, ირანი იმასთან შედარებით ნაკლებად ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას ვიდრე ეს ადრე ეგონათ.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების დარგში სტივენ ჰადლიმ განაცხადა, რომ დაზვერვის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიმართულ პროგრამაზე მუშაობა 2003 წლის მეორე ნახევარში შეწყვიტა. თუმცა აღნიშნა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს აგრძელებს, რაც მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას ქმნის.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია, რაც თეირანის ბირთვული სამუშაოების შეწყვეტის მცდელობით, მსოფლიოს ქვეყნებს ირანზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

დღესვე ირანის ოფიციალური წარმომადგენლები მიესალმნენ ამერიკის დაზვერვის ანგარიშის გამოქვეყნებას და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ირანი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ამუშავებს ბირთვულ პროგრამას.

თუმცა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით, მიუხედავად ამერიკის დაზვერვის ინფორმაციისა, ისრაელი დარწმუნებულია, რომ ირანს ბირთვულ იარაღზე სამუშაოები არ შეუწყვეტია. ამერიკის დაზვერვა თვლის, რომ 2010-2015 წლებისთვის ირანი უკვე საკმარისი რაოდენობის ურანს გაამდიდრებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG