ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ტელე-პროგრამა 1 არხზე-"წითელი ზონა".


უკანასკნელ დროს ქართული საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმ რეალობაზე, რომ ქართული მენტალობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, სწორედ კომუნისტური ეპოქის შეუფასებლობაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შეუძლებელი გახდა ლუსტრაციის კანონის მიღება, არავინ ცდილობს თუნდაც თეორიულად შეაფასოს და გაანალიზოს ის 70 წელიწადი, რომელშიც საქართველოს მოუხდა ცხოვრება. ამ ეპოქის დავიწყება, მიჩქმალვა, გადადება კი პირდაპირი მნიშვნელობით ხელს უწყობს იმ ფაქტორს, რომ მსგავსი შეცდომები კვლავ იქნას დაშვებული.

კომუნისტური იდეოლოგია, იმდენად საფუძვლიანად იყო გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ მისი გაანალიზებისა და შეფასების გარეშე, მისგან გათავისუფლება წარმოუდგენელი ხდება. ასეთ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კომუნისტური ეპოქის ლუსტრირება მოხდეს, ამ მიმართლებით ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კინომცოდნე გოგი გვახარია, რომლის პროფესიონალური საქმიანობა, უკვე დიდი ხანია სცდება საკუთარ ჩარჩოებს და ის სამოქალაქო აქტივობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად, გვევლინება.

გასულ ორშაბათს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირველად გავიდა ახალი საავტორო გადაცემა “წითელი ზონა”, რომელსაც “რადიო თავისუფლება” და “საზოგადოებრივი არხი” ერთობლივად სთავაზობს ქართველ მაყურებელს. გადაცემის მიზნის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს უფროსი დათო კაკაბაძე საუბრობს:

დათო კაკაბაძე – ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ საჭიროა წარსულის ხელახალი გააზრება, გერმანელებს აქვთ ასეთი სიტყვა, ნაცისტურ წარსულთან დაკავშირებით “წარსულის დაძლევა” და ვფიქრობ ჩვენ ეს ჩვენ კომუნისტურ წარსულთან დაკავშირებით უნდა ვიხმაროთ. შეიძლება გავატაროთ ეკონომიკური, პოლიტიკური რეფორმა, მაგრამ ყველაზე რთულია რეფორმის გატარება ადამიანის გონებაში, ანუ მის ცნობიერებაში. მე ვფიქრობ, რომ გავხარიას გადაცემა ამ საქმეში ერთ აგურს მაინც დადებს. -

მაშინ, როდესაც ლუსტრაციის კანონის მიღებაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, საზოგადოების დიდი ნაწილი, კანონის მიღების იდეას, სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ გაჩნდა საშიშროება კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე ადამიანების ტრამვირებისა. ამასთან დაკავშირებით ახალი გადაცემის, “წითელი ზონა” ავტორი გოგი გვახარია აღნიშნავს:

გოგი გვახარია – მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ადამინის ბედს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა ამ რეჟიმს, მათ ყავთ შვილები და შვილიშვილები და ბუნებრივია ჩვენ თითოეულ ადამიანზე არ გადავტეხავთ ყველაფერს. მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი საერთო წარსულია. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩანაცვლება ტერმინების, მტრის ხატების ძიების, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ტენდენციებისთვის ხელის შეშლა. - თუკი შევთანხმდებით, რომ მედია თითოეული ადამიანის ცნობირებაში ცვლილებებს ხელს უწყობს და გარკვეულწილად ის განსაზღვრავს ახალი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მაშინ შეგვიძლია ოპტიმისტურად განვეწყოთ და დავრწმუნდეთ, რომ ერთი ნაბიჯი საბჭოთა წარსულის გააზრებისკენ და შეფასებისკენ - ნამდვილად გადადგმულია.

გოგი გვახარიას ახალი გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ამის დასტურია.

XS
SM
MD
LG