ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მედია


ნინია კაკაბაძე

უკანასკნელ დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, რომ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შესაძლებელია ერთგვარი წყალგამყოფი გახდეს დღევანდელ დღემდე არსებულ სატელევიზიო მედიასა და დღეის შემდეგ არსებულ მედიას შორის. ნოემბრის პირველ რიცხვებში განვითარებულმა პროცესებმა შესაძლებელია ყოველი მხარე, ხელისუფლება, მათი ოპონენტები და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები დააჯეროს იმ სინამდვილეში, რომ მომავალში მსგავსი, აქამდე არსებული ფორმებით ურთიერთობა არ არის გამართლებული და ამან ქვეყანა შესაძლებელია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანოს. უკანასკნელ დროს სულ უფრო და უფრო ხშირია პუბლიკაციები ამ საკითხზე და ასევე სატელევიზიო, საჯარო განხილვები. დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ეკა კვესიტაძე, რომელიც დღევანდელ დღეს შექმნილი სიტუაციის მიზეზებზე საუბრობს. ეკა კვესიტაძე – ვფიქრობ რომ 7 ნოემბერთან ერთად საქართველოში უნდა დამთავრდეს ისეთი მედიის არსებობა, როგორიც ის იყო დღემდე. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვქონია თავისუფალი ტელემედია. ეს იყო ორ ბანაკად დაყოფილი მედია, რომელნიც უკანასკნელ დროს კიდევ უფრო ჩაიკეტნენ საკუთარ წრეში, დაიწყო ერთამნეთის ღია თავდასხმა, ლანძღვა... ამ ბოლო დროს “რუსთავი2” –ში გარკვეული ცვლილებები ნამდვილად არის. აქამდე ის ნამდვილად იყო ბრეჟნევის ტელევიზია. მე ძლაიან დიდი იმედი მაქვს რომ ამას ექნება ტენდენციის ხასიათი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ სიტუაციამდე, გარკვეულწილად მიგვიყვანა თავისუფალი მედიის არ არსებობამ. საქართველოში მითი და რეალობა იყო ერთამანეთში არეული და ამას ხელი შეუწყო ასეთი ტელემედიის არსებობამ. მოსახლეობამ უალტერნატივობის გამო, მასიურად დაიწყო “იმედის” მოსმენა, ამ დროს პატარკაციშვილმა ეს გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის. -პერსპექტივა და ლოგიკური მიზეზი იმისა, რომ ქართული ტელემედია აღარ იყოს მაყურებლის წინაშე იმ ფორმით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ნამდვილად არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ნაადრევია და გარკვეულწილად გაუმართლებელია ამ საკითხზე მსჯელობა - ვიდრე ტელეკომპანია “იმედი” არ აღადგენს მაუწყებლობას და ყველა ტელეარხს არ ექნება საშუალება დამოუკიდებლად, თანასწორუფლებიან პირობებში გააგრძელოს მუშაობა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ჯერ მხოლოდ მოლოდინის პროცესშია, რომელიც ცალსახად ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დაბრუნებას ეხება.

XS
SM
MD
LG