ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

27 ნოემბრისთვის ქალაქ ანაპოლისში დაგეგმილ კონფერენციაზე, 50 ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ 27 ნოემბრისთვის ქალაქ ანაპოლისში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პერსპექტივები განიხილება, 50 ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ კონფერენციას დაესწრებიან ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პელსტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

მოწვევა გაეგზავნა ე.წ. ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის წევრებს, არაბული ლიგის, გაეროს უშიშროების საბჭოსა და დიდი რვიანის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. მოწვეულები არიან საუდის არაბეთის, ერაყისა და სირიის წარმომადგენლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს დიპლომატიური კავშირები არ აქვთ ისრაელთან.

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე წინა აზიის ქვეყნების საკითხებში დევიდ უელში აცხადებს, რომ მას იმედი აქვს რომ არაბული ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციას დაესწრებიან და რომ ისინი ორი სახელმწიფოს თანაარსებობისა და მშვიდობის დამყარების საქმეში წვლილს შეიტანენ.

ამ ფონზე, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში, კონფერენციის წინა და მომდევნო დღეს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG