ბაღდადიდან სამხრეთით შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და ალყაიდას მოთარეშეებს შორის. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა ერაყის მთავრობამ.
განცხადების თანახმად ალყაიდას მოთარეშეებმა დღეს თავდასხმა განახორციელეს ერაყის არმიის ერთ-ერთ პოსტზე, მოჰკლეს ორი ჯარისკაცი და გაიტაცეს მათი ავტომობილები. ამის შემდეგ ამ ავტომობილების გამოყენებით მათ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს პოლიციის განყოფილებაზე და პოლიციის რვა თანამშრომელი მოჰკლეს.
ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად ერაყის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ბაღდადიდან ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებებისას მოკლულია ალყაიდას ცხრამეტი მებრძოლი. ამ ფონზე გაზეთი ნიუ-იორკ ტაიმსი ციტირებას უხდეს პენტაგონის ოფიციალურ პირებს, რომლის თანახმად გასულ წელს ერაყში ჩასულ უცხოელ მებრძძლთა ნახევარზე მეტი საუდის არაბეთიდან და ლიბიიდანაა.
გაზეთის თანახმად ეს ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც სირიის საზღვრის შორიახლოს სექტემბერში ამერიკულმა სამხედრო კონტინგენტმა იგდო ხელთ. როგორც ამ მონაცემებიდან გახდა ცნობილი საუდის არაბეთიდან 305-ი მებრძოლია ანუ ერაყში ალყაიდას მებრძოლთა 41-ი პროცენტი, ხოლო ლიბიიდან 137-ი ანუ 18-ი პროცენტი.