ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი თეირანს მოუწოდებს დადებითად გამოეხმაუროს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოთხოვნას შეწყვიტოს მისი ბირთვული პროგრამების შემუშავება


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში გამოხატა იმედი, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართული ყველა მხარე ამ საკითხს მშვიდობიანი გზებით, დიალოგისა და კონსულტაციების საშუალებით მოაგვარებს. ჩინეთი რუსეთის მსგავსად დღესაც თავს იკავებს იმისაგან, რომ მკვეთრი პოზიცია დაიკავოს ირანის მიმართ ბირთვული პროგრამების შემუშავების საკითრხში. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს, რათა დაიწყოს ოფიციალური თეირანის მიმართ სანქციების მესამე ჯერის დაწესების საკითხის განხილვა. გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ბირთვულიიარაღით აღჭურვილი ირანი შეიძლება დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს მსოფლიო მშვიდობისათვის. მან ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი და პარიზი ერთობლივად ცდილობენ ირანთან შექმნილი პრობლემების დიპლომატიური გზებით მოგვარებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ თეირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმც იქვე დასძინა, რომ ირანს უფლება აქვს განავითაროს ბირთვული ენერგიის პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისათვის.

XS
SM
MD
LG