ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირებამ თბილისში პიკს მიაღწია


2007 წლის 7 ნოემბერი 9 აპრილის მსგავსად სამუდამოდ შევა საქართველოს ისტორიაში : დღეს დილის 8 საათზე პოლიციამ პარლამენტის წინ გაერთიანებული ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია დაარბია. დილით პარლამენტის შენობის წინ , საშინელ უამინდობაში იმყოფებოდნენ მოშიმშილეები და რამდენიმე მათი მხარდამჭერი, გულშემატკივარი. მოშიმშილეები და დანარჩენები ცემეს, დაარბიეს, კონფლიქტების დარეგულირები ექს-სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა დააკავეს, ხელისუფლების განცხადებით. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, შემდეგ განაცხადეს, რომ ხაინდრავა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და ხაინდრავა თანამებრძოლეებს შეუერთდა. ხელისუფლებამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პირადად მე პარლამენტის შენობასთან მთაწმინდიდან ვაპირებდი ჩასვლას. პარლამენტს რომ მივუახლოვდი, პოლიციელებმა გამაფრთხილეს, ნუ ჩახვალთ, გაიგუდებითო... არ დავუჯერე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი პარლამენტისკენ, თუმცა მაშინვე სუნთქვა გამიჭირდა და ცრემლები წამომივიდა. ამ დროს დავინახე 2 ახალგაზრდას როგორ მოყავდათ კოკა გუნცაძის თანაშემწე თიკო მჟავანაძე, მას თავისით სიარული არ შეეძლო. საერთოდ, 200-ზე მეტი ცრემლსადენი გაზით მოწამლული ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებმა. პარლამენტის შენობამდე მაინც მივაღწიე, მაგრამ დაცვამ შიგნით არ შემიშვა, ამ დროს აპარატის თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობდა, ჩამოვედი რუსთაველის გამზირზე, იქ იდგა ათასობით პოლიციელი, სპეცდანიშნულების რაზმები ნიღბებით, მათაც გამაფრთხილეს უკან დაბრუნდით, ახლა დაიწყებაო, ჟურნალისტი ვარ მეთქი და გზა გავაგრძელე, თუმცა ვერაფერს ვხედავდი ცრემლებისგან, ასე ოპერამდე მივაღწიე, იქ ვიღაც ღვთისნიერმა ქალბატონმა ნიღაბი მომცა და სუნთქვა შევძელი. ნიღბები ხალხმა აფთიაქებში შეიძინა და ერთმანეთს ურიგებდნენ... როგორც ცნობილია, ოპოზიცია 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში , ანუ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. დღეს ოპოზიცია ევროსაბჭოს, გაეროს, საელჩოებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნაში „საქართველო სააკაშვილის გარეშე“. რეს ტელევიზიის საშუალებით ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და თქვა, რომ ერთადერთი გზა არსებული ვითარების დარეგულირების არის დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ წუთებშიც თბილისის ქუჩებში , რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგანი ჯარებია გამოყვანილი. ამის მიუხედავად ხალხი არ იშლება, არ შეუშინდა სპეცდანიშნულების რაზმებს, ხალხმა გადაინაცვლა რიყეზე, ვინაიდან რუსთაველზე სუნთქვა შეუძლებელი იყო ცრემკსადენი გაზეს გამო, იქვე გადაინაცვლა სპეხცდანიშნულების რაზმებმაც, აქციის მონაწილეთა შორის შევნიშნე სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება ლუკაშენკოს შეადარა.. მოვლენები თბილისში ყოველ წამს იცვლება და მწვავდება...

XS
SM
MD
LG