ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი თემა


შეერთებულ შტატებში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ თემად ერაყი და ჯანდაცვა რჩება. მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ისევე როგორც ეს 2004 წელს იყო, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად ერაყი დარჩება:

„ეს ისეთი ომია, რომლის მნიშვნელობაც ძალზე დიდია. არის ისეთი ომები, რომლებიც მთელი თაობის პრობლემად მოიაზრება, თუ რა თქმა უნდა ასეთ ომს ეკონომიკური რეცესია არ ემთხვევა, რომელიც ხალხს ომსაც კი დაავიწყებს. ამ შემთხვევაში კი ასეთი რეცესია მოსალოდნელი არ არის”. ამბობს ვაშინგტონის „ამერიკის უნივერსიტეტის” ისტორიკოსი ალან ლიჰტმანი.

ზოგ რესპუბლიკელს სჯერა, რომ ერაყში უშიშროების ფონის გამოსწორება ხელს შეუწყობს მომავალი წლის არჩევნებისთვის უკვე გამორკვეულ რესპუბლიკელ კანდიდატს. თუმცა ლიჰტმანი ფიქრობს, რომ დამოუკიდებელ ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას მაინც დემოკრატთა კანდიდატს მისცემს:

„ადმინისტრაციისთვის ამჟამად სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა. მაგრამ ამან მხოლოდ რესპუბლიკელები დააკმაყოდფილა დემოკრატები კი ვერა. კმაყოფილება მაინც და მაინც არც დამოუკიდებელთა შორის აღინიშნება. მოგეხსენებათ, რომ მომავალი წლის არჩევნებში გასამარჯვებლად, მხოლოდ რესპუბლიკელთა ხმები არ კმარა. ამბობს ბატონი ლიჰტმანი.

ერაყი ირანი და საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებიც დიდ ყურადრებას იმსახურებენ, მითუმეტეს იმ შტატებში სადაც არჩევნები ყველაზე ადრე დაიწყება, მაგალითად აიოვასა და ნიუ ჰემფშირში:

„ერაყის ომი, ტერორიზმთან ომი, ირანი და ბირთვული იარაღი ის საკითხებია, რომლებიც ხალხს ძალზე აღელვებს. კანდიდატებს ფორუმებზე ყოველთვის უსვამენ კითხვებს ამ პრობლემების შესახებ”. ამბობს აიოვას დრეიკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ართურ სენდერსი.

იგივე საკითხების შესახებ ნიუ ჰემფშირშიც საუბრობენ. მაგრამ იქაური დემოკრატები იმ კანდიდატურის მხარდაჭერასაც ცდილობენ, რომელსაც 2008 წლის არჩევნებში გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს:

„აქ გაისმის ერაყის შესახებაც, მაგრამ ტიპიური დემოკრატები ისეთ საკითხებზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორიც მაგალითად ჯანდაცვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყველა დემოკრატი კანდიდატის პოზიცია ერთმანეთისას წააგავს და ამ შემმთხვევაში გადამწყვეტ როლს პიროვნული ფაქტორი თამაშობს”. ამბობს პოლიტოლოგი ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტიდან დანტე სკალა.

მრავალ ექსპერტს სჯერა, რომ სიტუაცია დემოკრატების სასარგებლოდ იხრება:

„დემოკრატები მრავალ უპირატესობას ფლობენ. მათი უპირატესობაა ისიც, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანას ერთი პარტიის წარმომადგენელი მართავს. ამერიკელები კი ცვლილებების მოყვარულნი არიან. თუმცა ჩვენ ამას ყოველთვის როდი ვაკეთებთ. მეორე ისაა, რომ პრეზიდენტი უდაოდ ძალზე არაპოპულარულია, რაც ძირითადად ერაყის, ქარიშხალ კატრინაზე ცუდი გამოხმაურების და იმ სხვადასხვა საკითხების დამსახურებაა, რომლებიც სხვა რესპუბლიკელ კანდიდატსაც ხელს შეუშლის”. გვეუბნება ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ცენტრის დირექტორი ლარი საბატო.

თუმცა რესპუბლიკელთა სტრატეგოსები თვლიან, რომ თუ არჩევნების დროს ყურადღება უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ომის საკითხებზე გამახვილდება, რესპუბლიკელები უდაო უპირატესობას ფლობენ:

„რესპუბლიკელებმა შეიძლება მოიპოვონ უპირატესობა. ისინი ეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ დემოკრატები ისტორიულად სუსტები და გამოუცდელები არიან საგარეო პოლიტიკაში და არა მხოლოდ ერაყისა თუ ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომში”. აღნიშნავს ვაშინგტონის ამერიკული ინიციატივების ინსტიტუტის პოლიტოლოგი ჯონ ფორტიერი.

არალეგალური იმიგრაცია კიდევ ერთი საკითხია, რომელიც შიდაპარტიულ და საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმოქმედებს:

„იმიგრაცია ისეთი საკითხია, რომელიც დრო და დრო ამოტივტივდება ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს პრობლემა ისე არ ჩანს, როგორც სხვები, მაგრამ აქტივისტებს, რომ ჰკითხოთ ეს ძალზე მნისვნელოვანი საკითხია”. გვეუბნება აიოვას შტატის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი სტივენ შმიტი.

სულ ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ამომრჩევლებს ყველაზე ძალიან ერაყის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების საკითხები აღელვებთ.

XS
SM
MD
LG