ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები უკრაინაში დემოკრატიის განვითარებით უკმაყოფილებას გამოხატავენ


30 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სამი წლის განმავლობაში უკვე მესამე საყოველთაო არჩევნები იყო. ამომრჩევლები უკვე აღნიშნავენ, რომ პროცესზე მრავალი მილიონი დოლარის დახარჯვის გარდა, საპარლამენტო კოალიციების შექმნის რამდენიმე მცდელობამაც ფუჭად ჩაიარა.

მრავალი ამომრჩეველი თვლის, რომ ბოლო არჩევნებიც ვერაფერს შეცვლის:

„ყოველი მხარე კამპანიის მსვლელობისას ერთი და იგივე დაპირებებს იძლევა. ხოლო მათი არჩევის შემთხვევაში კი დანაპირებს არ ასრულებს”. გვეუბნება კიეველი ამომრჩეველი ალიონა კუჩერენკო.

მას ალბათ გააკვირვებდა იმის ცოდნა, რომ კულისებში, ზოგი პოლიტიკოსი აღიარებს რეფორმების ჩატარების აუცილებლობას და მათი განხორციელების სირთულესაც. ამიტომაც პოლიტიკოსები უფრო იოლი გზით ცდილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას. ეს გზა უბრალო პოპულიზმია.

პოპულიზმი უკრაინაში ხშირად ამომრჩევლებისთვის სერიოზული ეროვნული პრობლემების გადაწყვეტის მარტივი გზით მოგვარების პირობის მიცემით შემოიფარგლება:

„როდესაც ჩვენთან საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, მთავრობა ოთხ-ხუთ წლიან ეკონომიკურ რეფორმებზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებს. ეს კი რეფორმის ჩატარების შესაძლებლობას საგრძნობლად ამცირებს. მე ვთვლი, რომ უკრაინა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. მომავალში უკრაინის წინაშე შექმნილი ზოგი პრობლემის განჭვრეტა შეუძლებელია. საერთოდ კი მე ვთვლი, რომ უკრაინაში დემოკრატია ვითარდება”. ამბობს კიევის მოჰილას აკადემიის პოლიტოლოგიის პროფესორი ოლექსი ჰარანი. იგი თვლის, რომ პოპულიზმი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს, რაც არ ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც სულაც არ ზრუნავენ ხალხისათვის ანგარიშის ჩაბარებაზე.

ორი გამარჯვებული პოლიტიკური ბლოკი პოლიტიკოსების სახელებს ატარებს. ერთი იულია ტიმოშენკოს, ხოლო მეორე კი პარლამენტის ყოფილი სპიკერის ვოლოდიმირ ლიტვინის ბლოკების სახელებითაა ცნობილი. დანარჩენი ორი მთავარი პოლიტიკური პარტიაც, ვიქტორ იუშჩენკოს „ჩვენი უკრაინა” და ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია” მათი ლიდერების გარეშე არ მოიაზრება.

„სწორედ ეს არის პრობლემა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ეს წინსვლის შესაძლებლობაცაა. იმიტომ, რომ ლიდერთა ის დეფიციტი, რომლის შესახებაც ასე ხშირად გვესმის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში საკმაოდ ეფექტურად ივსება ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ისეთი პოლიტიკოსების მიერ, რომელთა ხედვასაც ბევრი თანამემამულე იზიარებს”. ამბობს იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენელი ჰრიჰორი ნემირია.

„უკრაინის დემოკრატიის განვითარების შემდეგ საფეხურს პოლიტიკოსების ხედვის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ხედვასთან შერწყმა წარმოადგენს”. ამატებს ბატონი ნემირია.

უკრაინაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ას ორმოცდაათამდე პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. დროის განმავლობაში მრავალი მათგანი გაუქმდა, ხოლო 30 სექტემბრის არჩევნებში მხოლოდ ხუთმა პარტიამ შეძლო სამ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. მათ შორის ვინც მარცხი განიცადა სოციალისტური პარტიაცაა. ამ პარტიის წარმომადგენელი მიხაილო კოროპატნიკი ამბობს, რომ პატარა პარტიები მსგავსი პლატფორმების მქონე დიდ პარტიებს უნდა შეუერთდნენ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ააშკარავებს იმას, რომ უკრაინელი ამომრჩევლები ისეთ მნიშვნელოვან პოპულისტურ საკითხებს, როგორებიც მაგალითად უკრაინული ენის სახელმწიფო სტატუსი, ნატოში გაწევრიანება და ეკლესიის სტატუსია ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. უკრაინელებს უფრო კორუფციის, განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემები აღელვებთ.

XS
SM
MD
LG