ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელოვანები პოლიტიკაში


დღეს, სამწუხაროდ ქართული საზოგადოების ყურადღება მთლიანად ქართული პოლიტიკისკენ არის მიმართული. ქართველი ხელოვანებიც სხვადასხვა ტიპის განცხადებებს, ძირითადად პოლიტიკური მდგომარეობის მიმართულებით აკეთებენ. არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ ქართული საზოგადოებაც ორ ბანაკად არის გაყოფილი და ბუნებრივია საზოგადოებაში, ყველაზე აქტიურ ადგილს ტრადიციულად ქართველი ხელოვანები იკავებენ. საბედნიეროდ საკუთარი პოზიციის გამოხატვას ქვეყანაში კანონი არ კრძალავს, ამიტომ პოზიციები რადიკალური, ხისტი და ხმამაღალია. სამწუხარო რეალობა კი ერთია, მომხსენებლები რეალობის შეფასებისას ზედმეტად ცალსახანი არიან და მათი გამოსვლები, რომელიმე ძალის მხარდაჭერას გულისხმობს. ალბათ ნაკლებად გამაღიზიანებელია, როდესაც ხელოვანი, უმცირესობის ანუ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების დაცვას ცდილობს, მაშინ, როდესაც უმრავლესობა ქვეყნის მართვით არის დავკავებული. ხელოვანისთვის მმართველი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებისა და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა, რამდენად მისაღები თუ მიუღებელი იქნება ეს საზოგადოებისათვის, თავისთავად მეტად გამართლებულია. იმგვარი ჩამოყალიბების პროცესში, როგორც დღეს საქართველო იმყოფება, გარკვეულწილად ხელოვანის ვალია ყურადღება არ მოადუნოს და კრიტიკული იყოს იმ შეცდომების მიმართ, რომელსაც მმართველი ძალა ნებით თუ უნებლიეთ უშვებს. მაგრამ უცნაური ერთია. გამოიკვეთა ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ავანტიურებში და სხვადასხვა არც თუ ისე შესაფერისი მექანიზმებით ცდილობს სახელისუფლო სტრატეგიაში მონაწილეობას. მაგალითისათვის, დღეს ღია ბრძოლაა გამოცხადებული ტელეკომპანია “იმედსა” და “რუსთავი 2”-ს შორის, ჟურნალისტების გადმობირება და შემდეგ მათი იძულება ყოფილი თანამშრომლების მიმართ უმსგავსო განცხადებების კეთებისა, უკვე ხშირია. მიმდინარეობს ღია და დაუფარავი ვაჭრობა ჟურნალისტებით და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკურ ავანტიურებში. ერთ-ერთი უკანასკნელი ფაქტი, ამის თვალსაჩინო მაგალითია. პროფესიით მსახიობი ზურაბ შარია, რომელიც უკანასკნელი წლის განამვლობაში ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი გახლდათ, დემონსტრატიულად ტოვებს სამსახურს, “რუსთავი 2”-ში გადადის და ამგვარ განცხადებას აკეთებს:

ზურაბ შარიაროგორც მოქალაქისთვის ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა სიტყვის და ქვეყნის თავისუფლება. მე არასდროს არ ვიქნები იქ, სადაც რომელიმე მათგანს საფრთხე დაემუქრება.

- ბუნებრივია მაყურებლისათვის სასაცილო გახდა ზურაბ შარიას განცხადება, რადგან მისი საქმიანობა ტელეკომპანია “იმედში” მხოლოდ გასართობ ხასიათს ატარებდა და რასაკვირველია მას სიტყვის თავისუფლება, მაგალითად დილის საუზმის მომზადებისას, ვერ შეაწუხებდა. მაგრამ, გარდა კომიზმისა ეს უკანასკნელი ტრაგიკულ ხასიათს ატარებს, რადგან უკვე ცხადი ხდება, რომ მოსყიდვა, გამოსყიდვა და შემდეგ ამ მსახიობების თუ ჟურნალისტების საკუთარ რუპორად ქცევა ისევ აქტურად დაბრუნდა პრაქტიკაში, როგორც ეს კომუნისტურ ეპოქაში იყო. თავისუფლებისათვის მებრძოლ ზურაბ შარიას სავარაუდო იდეის ავტორი მწერალი მამუკა ხერხეულიძე უმაგრებდა მხარს და მის საქციელს გმირობად აფასებდა.

მამუკა ხერხეულიძეჩვენ სახეზე გვაქვს მესამე შეთქმულების მცდელობა, როდესაც ახალი ოქროს ულვაშებიანი სერგო ორჯონიკიძე ფულით აპირებს საქართველოს ყიდვას. საქართველო არ იყიდება და ამის ბრწინვალე დადასტურება იყო ზურაბ შარიას საქციელი, როდესაც მან დაამტკიცა და ჩამოაყალიბა საკუთარი ქმედების არსი და მიზანი.

ზურაბ შარიას გმირული მოქალაქეობრივი პოზიცია რამდენიმე დღეში არავის ემახსოვრება, მაგრამ საწუხარო ის არის, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა და პოლიტიკოსები, ბრძოლის ისევ იმ მეთოდებს უბრუნდებიან, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაგვევიწყებინა და ამით კიდევ ერთ თაობას ხრწნიან, რომელთაც გმირის სტატუსის ყიდვა შეეძლებათ და ბინძურ ავანტიურებში მონაწილეობას არასდროს ითაკილებენ. და ეს ჯგუფი, როგორც კომუნისტურ ეპოქაში ისევ სახელოვნები წრეებში ჩნდება.

XS
SM
MD
LG