ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია სომეხთა გენოციდის თაობაზე.


აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27-ი ხმით 21-ის წინააღმდეგ ოსმალეთში სომეხთა გენოციდის თაობაზე მიიღო რეზოლუცია.

ამ ფაქტმა თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია. სომხური მხარის თანახმად 1915-იდან 1923-ი წლის ჩათვლით თურქებმა მილიონ ხუთასი ათასი სომეხი მოჰკლეს, რასაც თურქეთი დღემდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს მონაცემები განზრახაა გაზვიადებული და რომ სომხების უმეტესობა იმ სამოქალაქო არეულობის დროს დაიღუპა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოსმალთა იმპერიის დაშლისას.

საგულისხმოა რომ ეს რეზოლუცია არასავალდებულოა, ანუ იგი გამოხატავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთა აზრს, ანუ მას კანონის ძალა არა აქვს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერგოგანმა პირადად დაურეკა პრეზიდენტ ბუშს და გამოხატა მისი უკმაყოფილება ამ ინიციატივის გამო. თვით პრეზიდენტი ბუშიც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის.

აშშ-ის რვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონგრესს მოუწოდა არ დაემტკიცებინა ეს რეზოლუცია, რადგანაც იგი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა დაჟინებით მოუწოდა კანონმდებლებს არ მიეღოთ ეს რეზოლუცია.

-”ჩვენ ღრმა მწუხარების გრძნობით აღვიქვავთ იმ ტრაგედიას, რომელიც 1915 წელს სომეხ ხალხს დაატყდა თავს, მაგრამ ეს რეზოლუცია არ არის მართებული რეაქცია ამ დანაშაულზე. მისი მიღება დიდ ზიანს მიაყენებს
ამერიკის ურთიერთობას მის წამყვან მოკავშირესთან ნატოში”-განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

რეზოლუციის მოწინააღმდეგეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეზოლუციის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თურქეთი უარს ეტყვის აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს თურქეთში ინჩირლიკის ავიაბაზა გამოიყენოს. ეს ავიაბაზა საკვანძო მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტია აშშ-ის შეიარაღებული ძალებისათვის მის საბრძოლო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დენ ბარტონმა შემდეგი განცხადება გააკეთა ამ საკითხის თაობაზე:

-”თურქების 80-ი პროცენტი აცხადებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ისინი ამერიკისადმი მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოვლენ მის ოპერაციაბში ავღანეთსა და ერაყში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა საფრანგეთის მიმართ მსგავსი რეზოლუციის მიღების გამო. ჩვენ ახლა ორ ომში ვართ ერთდროულად ჩაბმული და არა გვაქვს იმის უფლება, რომ საფრთხე შეუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს.

რეზოლუციის მიღებას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ დავკარგავთ უმნიშვნელოვანესი მოკავშირის მხარდაჭერას. პირადად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ლოღიკასაა მოკლებული.”

ამ აზრს არ ეთანხმება რესპუბლიკელი კონგრესმენი ქრისტოფერ სმიტი. მისი აზრით ამერიკამ უნდა დააფიქსიროს მისი მორალური პოზიცია მომხდარზე რადაც არ უნდა დაუჯდეს იგი.

-”თურქეთის მთავრობა დაჯინებით უარყოფს სომეხთა გენოციდს, რაც ყველა სომეხისათვის შეურაცხყოფას წარმოადგენს “- განაცხადა კონგრესმენმა სმიტმა.

მომავალ თვეს ამ საკითხს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა განიხილავს.

XS
SM
MD
LG