ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ქართულ თავდაცვაში


ნინია კაკაბაძე

- გუშინდელ და დღევანდელ დღეს ქართული პოლიტიკის მთავარ თემად შეიარაღებული ძალები, ქართული ჯარი გახდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მოსახლეობას ერთი სიახლე, რიგით მე-8 სატელევიზიო მიმართვისას გააცნო. ბუშის განცხადებით, მან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, გაითვალისწინა ერაყში სამშვიდობო კონტიგენტის მეთაურის, დევიდ პეტრუსის რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, ერაყიდნ სამხედრო ნაწილი გამოიყვანოს. ბუშის განმარტებით, ერაყს დეკემბრისთვის 5 700 ჯარისკაცი დატოვებს, რომლებიც შობის დღესასწაულს უკვე სამშობლოში შეხვდებიან. ამერიკის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამხედრო შენაერთების გამოყვანა 2008 წლისთვისაც გაგრძელდება და მეორე ეტაპზე ერაყს 30 ათასი სამხედრო დატოვებს. ჯორჯ ბუშმა, სამხედრო შენაერთების გამოყვანის თემის პარალელურად, ერაყში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა და განცხადა, რომ ეს სწორედ ამერიკელ სამხედროთა დამსახურებაა, რომლებიც ყოველთვიურად ერაყში 15000-მდე ბოევიკს ანადგურებენ. ამ დროისათვის ერაყში 130 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ჯორჯ ბუშის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოშიც კეთდება განცხადებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ერაყში სამშვიდობო მისიით მომსახურე სამხედროების შემცირებასთან დაკავშირებით.

დავით კეზერაშვილი – ჩვენ გვაქვს შეთანხმეება ამერიკელებთან, რომ შევამცირებთ კონტიგენტს 2008 წლის ზაფხულში. დაახლოებით 300 კაცამდე შემცირდება.

- მაშ ასე, საქართევლოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2008 წლის ზაფხულისათვის ქართველი სამშვიდობოების რიცხვი ერაყში 2 ათასი სამხედროდან 300-მდე შემცირდება. მაგრამ ამასობაში, დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილება ქართული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის გაზრდის კანონპორექტი, რომელიც სამხედრო ძალების 28 ათასიდან 32 ათასამდე გაზრდას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლების ამ განცხადებას ოპოზიცია ალოგიკურს უწოდებს. თუკი ამ ახალი კანონპროექტის მთავარი არგუმენტი არის, ის რომ საკმაოდ ბევრი სამხედრო მოსამსახურე მისიას, სწორედ ქვეყნის გარეთ ასრულებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციისათვის გაუგებარია რა აუცილებლობა დგას ქართული სამხედრო ძალების გაზრდისა, თუკი 2008 წლისთვის ერაყში მომსახურე ჯარისკაცების რაოდენობა 300-მდე მცირდება. პარლამენტარი კახა კუკავა აცხადებს.

კახა კუკავა – სიმბოლურია, რომ დეკემბერში მოხდება პირველი ამერიკული კონტიგენტის გაყვანა ერაყიდან და დეკემბერში მიდის ქართული გაზრდილი კონდიგენტი იქ. ამიტომ, გაუგებარია ვის ომში ვიბრძვით ჩვენ, მე მათ ვურჩევდი, რომ საკუთარი ძალები, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიალურ პრობლემებს მოვახმაროთ.

- საკმაოდ არასაგნობრივად გამოიყურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პასუხები ამ თემაზე, რომელნიც სამხედრო ძალების გაზრდის აუცილებლობას, ქვეყნის გარეთ მომსახურე ჯარისკაცების მიზეზით ხსნიან. უმრავლესობის ლიდერი, მაია ნადირაძე მის ოპონენტებს ამგვარად პასუხობს.

მაია ნადირაძე – ძვირფასო ოპოზიციავ, ძალიან მიზანმიმართულად უკვე რამდენი ხანია თავს ესხმით საქართველოს არმიას. ვის წისქვილზე ასხამს წყალს, ამას დიდი გამოცნობა და მისნობა არ სჭირდება. რა ხეირი გაქვთ აქედან ეს მინდა გამოვიცნო და ამასაც მოვახსენებ საზოგადოებას.

- თავისებურ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკო რურუაც აკეთებს, რომელიც ამ ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

ნიკო რურუა – მე მინდა ვთქვა, რომ ვინც ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს, ის მხარს არ უჭერს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და ყველა კოლეგას შევახსენებ, რომ ეს არის ცალსახად აუცილებლობით ნაკარნახევი.

- ვიდრე საბოლოოდ გადაწყდება საკითხი სამხედრო ძალების ზრდასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი საზოგადოებას კიდევ ერთ სიახლეს აცნობს. საგურამოში კავშირგაბმულობის ბატალიონის განახლებული ბაზა გაიხსნა, სადაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილების შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და შესაბამისი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილების თანამშრომლები “ჰარისის” ტექნიკურ სასწავლებელში გადამზადდნენ. დღევანდელი პრეზენტაციისათვის კი ამერიკიდან საქართველოს, ოთხკაციანი დელეგაცია ეწვია.

XS
SM
MD
LG