ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ადმინისტრაცია აპირებს სათანამგზავრო ტექნოლოგიის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებას


ბუშის ადმინისტრაციას სათანამგზავრო ტექნოლოგიის სპეც-სამსახურების მიერ გამოყენების გაფართოვება აქვს დაგეგმილი. შინაგანი უშიშროების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ სადაზვერვო თანამგზავრები საზღვრების კონტროლისა და სამაშველო რაზმების სტიქიური უბედურების რაიონებში დროულად გადასროლისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ზოგი კონგრესმენი და სამოქალაქო უფლებების ქომაგთა ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს პროგრამა ამერიკელთა პირად ცხოვრებაშ ჩარევას ითვალისწინებს. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ აშშ-ი უკვე არა ერთი ათეული წელია სადაზვერვო თანამგზავრებს იყენებს, რათა თვალყური ადევნოს უცხოეთში მიმდინარე მოვლენებს. ცივი ომის დროს სწორედ ამ თანამგზავრებით აფისქსირებდნენ საბჭოთა ტანკების გადაადგილებას. მას შემდეგ თვალთვალის ტექნოლოგიის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. შინაგანი უშიშროების დეპარტამენტი ახალ პროგრამას ამზადებს, რომლის თანახმად თანამედროვე სათანამგზავრო ტექნოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში თვალთვალისათვისაც იქნება გამოყენებული. უშიშროების დეპარტამენტში დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ჩარლზ ალენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მოწოდებულია აღიკვეთოს ტერორიზმის საფრთხე ისევე როგორც გაკონტროლდეს ამერიკის საზღვრები, რათა შეჩერდეს ამ ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია. მან კერძოდ თქვა: -” იმის გათვალისწინებით, რომ თვით ამერიკაში არსებობს ტერორიზმის საშიშროება, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ის, რომ ამერიკის მთავრობამ ყველა ტექნიკური ბერკეტი გამოიყენოს, რათა გარანტირებულ იქნას ამერიკელ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა.” როგორც უკვე ავღნიშნეთ, ზოგი კანონმდებელი აცხადებს, რომ თუ ეს გეგმა განხორციელდა საფრთხე შეიძლება შეექმნას ამერიკელ მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებებს. აი რა თქვა ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეინ ჰარმანმა: -”მე ვშიშობ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პროგრამა ოფიციალურად დაშვებულ პარამეტრებში იქნება განხორციელებული ადმინისტრაციაში შეიძლება გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამ პროგრამის ბოროტად გამოყენებას მიჰყოფენ ხელს.” რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ ბრაუნი: -” ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ კონგრესში ყველას სურს, რომ ჩვენი სამშობლო დაცული იყოს ნებისმიერი საფრხისაგან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე სულაც არ ვაპირებ ამის მიღწევას ღვთისაგან ბოძებული და კონსტიტუციით გარანტირებული პირადი თავისუფლების ხარჯზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შინაგანი უშიშროების დეპარტამენთი თუ ნებისმიერი სხვა სპეც-სამსახური.” წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა გაიმართა ამ საკითხზე, რომელზეც სამოქალაქო უფლებების ქომაგთა ჯგუფები გამოვიდნენ. ბერი შტაინჰარდტი ამერიკის სამოქალაქო უფლებების კავშირის ტექნოლოგიისა და თავისუფლების განყოფილების ხელმძღვანელია. აი რა თქვა მან: -”ჩვენი მთავრობა საჯაშუშო თანამგზავრების საკუთარი ხალხისადმი თვალთვალის მიზნით გამოყენებას აპირებს. აქ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ეს თვალთვალი მიმართული იქნება არა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, ხიდებზე და შენობებზე, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე, რაც ძალზე შემაშფოთებელია.” ამ აზრს არ ეთანხმება ახალი პროგრამის ხელმძღვანელი ჩარლზ ალენი .” ამერიკა რამოდენიმე ათეული წლების განმავლობას იღებს თანამგზავრებიდან სურათებს და მომავალშიც დიდი სიფრთხილით იქნება გამოყენებული ეს ტექნოლოგია, რათა მისი გამოყენება არ გასცდეს დასახულ მიზნებს. ეს სისტემები არ არის მომართული იმაზე, რომ კერძო პიროვნებებს უთვალთვალოთ.”-თქვა მან. პროგრამა პირველი ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

XS
SM
MD
LG