ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლეები ქართულ ტელემედიაში


ქართულ სატელევიზიო მედია სივრცეში, ახალი სეზონიდან ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება. მაყურებელი მასიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჯერ გაურკვეველია, როგორც მისი ახალი ხელმძღვანელობის, ასევე მისი მომავალი არსებობის შესახებ. პრაქტიკულად გადაწყვეტილია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მომავალი, რომელმაც უკვე შემოგვთავაზა ახალი გადაცემების ნუსხა, სადაც ყოველი მათგანი მოსახლეობის გართობას ისახავს მიზნად. ესენია ახალი ტელესერიალები, გასართობი დილის პროგრამა, ქართველი პოლიტიკოსების მიერ გახმოვანებული ამერიკული ტელეფილმები, ცნობილი ქართველი კომიკოსის ზვიოს რეჟისორობით, ცნობილი სატელევიზიო ჟურნალის “ერალაშის” ქართული და გათანამედროვებული ვერსია და ა.შ. ერთი სიტყვით ვისაც გართობა სწყურია, ვისაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აწუხებს ტელეკომპანია რუსთავი 2, ყოველი მათგანის დაკვეთას შეასრულებს. ქართულ საზოგადოებას ისღა დარჩნია კონცენტრირება საზოგადოებრივ არხზე მოახდინოს, სწორედ მის გადაცემებს დაელოდოს. არხი სადაც ჯერ კიდევ არის და იმედია მომავალშიც იქნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ყოველკვირეული თოქ-შოუ საზოგადოებრივ და სოციალურ თემებზე და ა.შ. მაგრამ, არსებობს პრობლემები, რომელიც დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, რა არის იმის მიზეზი, რომ აქამდე არსებული პოლიტიკური თოქ-შოუ “არგუმენტი” ან “დღის კომენტარი” საკმაოდ ერუდირებული წამყვანების პირობებში საარსებოდ აუცილებელი რეიტინგის მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ჟურნალისტი და მედია კრიტიკოსი ეკა კვესიტაძე მოგვახსენებს.

ეკა კვესიტაძეცხადია რომ საზოგადოებრივმა არხმა გადაწყვიტა შეინარჩუნოს აკადემიური სტილი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისაღებია. თოქ შოუსა და გადაცემების წამყვანები გამოირჩევიან საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, რაზეც ბუნებრივია ჩვენ მხოლოდ დადებითი წარმოდგენა შეიძლება გვქონდეს, რადგან ქართული ჟურნალისტიკა და ქართველი ჟურნალისტები ძირითადად ხასიათდებიან თავიანთი ინტელექტის დაბალი დონით. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ინტელექტი არ არის საკმარისი და არ დაგვავიწყდეს, რომ ჟურნალისტი არის ცალკე პროფესია. ამიტომ მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები ცხადია საკმარისი არ არის ისეთი გადაცემის შესაქმნელად, რომელიც რეიტინგს და მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს. ამიტომ, ჯერ საუკეთესო შუალედი ნაპოვნი არ არის.

- ეკა კვესიტაძე საუბრობდა იმ შესაძლო მიზეზების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს ხელს უშლის პოპულარიზაციაში. როგორც ქართულ საზოგადოებას პირდებიან ძალიან მალე ცნობილი გახდება ტელეკომპანია იმედის ახალი ხელმძღვანელობის და მისი მომავალი არსებობის შესახებ. ამიტომ იმედს დავიტოვებთ, რომ ახლო მომავალში საშუალება გვექნება გავაანალიზოთ ის სიახლეები, რომელიც ქართულ სატელევიზიო მედიაში ამ ახალი სეზონიდან გაჩნდა.

XS
SM
MD
LG