ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო დადუმდა – პავაროტი გარდაიცვალა


მსოფლიო დადუმდა – ასეთია მუსიკალური სამყაროს შეფასება დიდი ტენორის, ლუჩანო პავაროტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამიერიდან მისი ხმა, მხოლოდ აუდიო ჩანაწერების სახით არსებობს – 72 წლის მოდენაში მდებარე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

“ლუჩანო პავაროტი ერთი საათის წინ გარდაიცვალა” – ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც მომღერლის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ლუჩანო პავაროტი დაახლოებით ერთი წელი არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე, კონცერტში მონაწილეობაზე საუბარიც არ ყოფილა. იგი მოდენას ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და სიცოცხლეს მხოლოდ საუკეთესო ექიმების მიერ შემუშავებული პროცედურები უნარჩუნებდა.

მან საკმაოდ ვრცელი ანდერძი დატოვა. ერთ-ერთ პუნქტში კი ითხოვს, რომ ყველგან საოპერო მომღერლად მოიხსენიონ. "იმედი მაქვს, ყოველთვის ოპერის მომღერლად გამიხსენებენ, ადამიანად, ვინც მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. ოპერა ჩემთვის ყველაფერი იყო და მსურს, სიცოცხლის შემდეგაც მასთან ვიყო დაკავშირებული”, - აღნიშნულია მის ანდერძში.

ანდერძის ამ პუნქტის გარეშე ცხადია, რომ ლუჩანო პავაროტის სახელი ოპერის ისტორიაში მუდამ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მას არა მხოლოდ როგორც საოპერო მომღერალს, არამედ ოპერის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვისაც დაიმახსოვრებენ. სწორედ ლუჩანო პავაროტი იყო პირველი საოპერო მომღერალი, რომელმაც არაერთი დუეტი ჩაწერა თანამედროვე მუსიკის შემსრულებლებთან, რამაც კლასიკური ოპერის ახალგაზრდა თაობაში პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი.

ლუჩანო პავაროტი მოდენაში 1935 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. სიმღერაში მეცადინეობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. მისი სასცენო დებიუტი 1961 წელს პუჩინის "ბოჰემაში” შესრულებული როდოლფოს პარტიით შედგა. ხუთი წლის შემდეგ კი მისთვის მილანის "ლა სკალას” თეატრის კარი გაიღო. მალე ლუჩანო პავაროტის მსოფლიო დიდება დაიწყო. მან ნიუ იორკის "მეტროპოლიტენ ოპერას" სცენაზე დონიცეტის ერთ-ერთი ოპერაში იმღერა, მეორე დღეს კი იტალიელი ტენორის შესახებ პრესა უშურველად წერდა საუკეთესო რეცენზიებს.

პავაროტის კარიერა განსაკუთრებით 70-80-იან წლებში განვითარდა. სწორედ ამ პერიოდიდან განიზრახა საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია და სატელევიზიო გამოსვლებთან ერთად სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებთან შერეულ კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ 90-იან წლებში სტადიონებზე გამართულ კონცერტებზე პავაროტის მოსასმენად ასობით ათასი მსმენელი იყრიდა თავს.

2002 წლიდან ლუჩანო პავაროტი ნაკლებად გამოდიოდა სცენაზე. მალე კი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო. 2004 წელს ნიუ იორკის "მეტროპოლიტენ ოპერაში” გამართული კონცერტი ლუჩანო პავაროტის უკანასკნელი გამოსვლა იყო მსმენელის წინაშე. "ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა”, - აღნიშნა მაშინ მომღერალმა.

უკვე ცნობილია რომ პავაროტისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი დღეს, მისი მშობლიური ქალაქის, მოდენას ცენტრალურ ტაძარში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG