ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მინისტრები - საკომიტეტო მოსმენებზე


- უკანასკნელი დღეების განმავლოაბში მთავარი პოლიტიკური პროცესი პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენებზე, ახალი მინისტრების პროგრამების განხილვა და შეფასებაა.

მინისტრების დამტკიცების ნომენკლატურული პროცედურები პარლამენტში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არსებული ტრადიციების გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოებში ფრაქციებისა და კომიტეტის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრებს პრაქტიკულად არ ესწრებიან ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები, ერთადერთი გამონაკლისი მრეწველებია. ზურაბ ტყემალაძე, წარმოდგენილ პროგრამას ამგვარად აფასებს.

ზურაბ ტყემალაძე - სამწუხაროდ მთავრობას პროგრამა არა აქვს, ეს არის სურვილების დეკლარაცია - როგორ გვინდა ყველას კარგ საქართველოში ცხოვრება, მაგრამ როგორ უნდა მივახწიოთ და მივიდეთ ამ კარგ საქართველომდე, ეს აქ არ წერია.

- ყველაზე უცნაური და სენსაციური ის გახდა, რომ ტყემალაძის დამოკიდებულებას მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ, სრულად იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძე მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მოულოდნელ განცხადებას აკეთებს.

ნინო ბურჯანაძე – ნამდვილად მიმაჩნია რომ ეს არ არის პროგრამა. მე მოხარული ვიქნები თუკი მთავრობა უფრო სერიოზულად მიუდგება პარლამენტთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს სერიოზულ პროგრამას, თუ როგორ აპირებს ის იმ მნიშვნელოვანი განზრახვების განხორციელებას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე.

- ამ განცხადებას კიდევ ერთი სკანდალური გამოსვლა მოჰყვება, სადაც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე, მასთან დეტალური კონსულტაცია არავის გაუვლია. ბურჯანაძეს პარლამენტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრესტიჟის შეურაწმყოფაა. მიუხედავათ ამისა, ის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის სენსაციური გამოსვლა ამით არ დასრულებულა. ბურჯანაძე ფინანსთა ყოფილი მინისტრის კანდიდატურას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს. ალექსიშვილი ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი. ის უფრო მთავრობის პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე მას, კარგი გაგებით, ოპონირებას გაუწევს.

ნინო ბურჯანაძე - ჩემი დამოკიდებულება ალექსიშვილის მიმართ არის უარყოფითი. მიმაჩნია რომ ის ვერ იქნება დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას. ჩემთვის ნამდვილად არ არის მისაღები, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული ისეთ მნიშვნელოვან გადაადგილებებში, როგორც არის ეს უკანასკნელი.

- ნინო ბურჯანაძის ასეთი მკვეთრი განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ოპოზიციისათვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისათვის. ოპოზიციური პარტიის წარმოადგენლების თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტი არც წარსულში უთანხმებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნინო ბურჯანაძის განცხადება მხოლოდ კულუარული დაპირისპირების გამომჟღავნება იყო. ფრაქცია “კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგურის თქმით, ნინო ბურჯანაძის უკმაყოფილება იმის ნიშანია, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ერთი გუნდი აღარ არის. დაახლოებით მსგავს განცხადებებს აკეთებენ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

გოგა ხანიდრავა – როდის იყო რომ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს უთანხმებდა მსგავს საკითხებს?! ეს იმის ბრალია, რომ სამთავრობო გუნდი მხოლოდ ანგარებით არის შექმნილი.

დავით უსუფაშვილი – მან იმდენჯერ აიტანა პირადი შეურაწმყოფაც და პარლამენტის შეურაწმყოფაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ მას არ უნდა გაუკვირდეს, თუკი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

- საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ნებისმიერი უკმაყოფილების პირობებში მინისტრობის ახალი კანდიდატების დამტკიცება მოხდება, რომელიც 7 აგვისტოს პირველსავე საპარლამენტო სხდომაზე არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG