ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სასწავლო წელი- სკოლის ახალი დირექტორებით


რამდენიმე დღეში ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ჯერ კიდევ ძალიან ბევრია იმ სკოლების რაოდენობა, რომელთაც დღემდე ვერ გადაწყვიტეს ახალი დირექტორების საკითხი. ლოტოტრონით გადანაწილებულ დირექტორებს ზოგიერთი სკოლის სამეურვეო საბჭო და მთლიანად სკოლა არ იღებს.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა და შეუთავსებლობისა ახალი სასწავლო წელი მაინც იწყება და პრობლემები ისევ გადაუჭრელი რჩება, ამიტომ შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი ძველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლით დაიწყებს ახალ სასწავლო პროცესს და ზოგიერთი კი დირექტორის გარეშე. რა მოხდა და რა შეცდომა იქნა დაშვებული, რის შედეგადაც ჩვენ მოუგვარებელი პრობლემები საშუალო სკოლებში ჯერ კიდევ გვაქვს, საიდანაც დაზარალებული მხოლოდ ბავშვი გამოვა, რომელიც ამ რბილად რომ ვთქვათ ანარქიის გამო სწავლისა და ყურადღების გარეშე შეიძლება დარჩეს.

დღევანდელ გადაცემაში ჩვენს კითხვებს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, პოეტი რატი ამაღლობელი პასუხობს. რატი ამაღლობელი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას განათლების ახალი კანონ-პროექტის მომზადებაში.

რატი ამაღლობელი – როდესაც მზადდებოდა კანონი განათლების შესახებ, მაშინ იყო ძალიან საინტერესო მიდგომა და ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ვაძლევდით სკოლებს თავისუფლებას და თავად სკოლები ირჩევდნენ დირექტორს. რადგან ცენტრი, ამ შემთხვევაში სამინისტრო ვერ განსაზღვრავს იმას თუ ვინ იქნება ამა თუ იმ სკოლის დირექტორი. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რადგან სკოლამ თავისი წიაღიდან, რესურსიდან უკეთ იცის ვინ იქნება კარგი დირექტორი. მეორეს მხრივ განათლების სამინისტროს დამოკიდებულება სწორია იმ მხრივ, რომ უნდა შემოწმდეს დირექტორის კვალიფიკაცია. მაგრამ ეს კომბინაცია მიუღებელია, რადგან ახლა დირექტორი ირჩევს სკოლას და არა - სკოლა დირექტორს. და არის მეორე რეალობა, ჩვენ დღეს გვაკლია რესურსი, მასწავლებლების რესურსი. დღეს არ არის სკოლა, სადაც მასწავლებელთა გუნდი მთლიანად დამაკმაყოფილებელი და პროფესიონალურია.

- ბუნებრივია პირველ რიგში რასაც განათლების რეფორმა უნდა ასრულებდეს, ეს არის რომ მასწავლებლობა ქვეყანაში უნდა იყოს პრესტიჟული და მასწავლებლის შრომა უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული, რადგან ქვეყნის მომავალი არა ძლიერ ჯარზე, არამედ ძლიერ განათლების სისტემაზე და მასთან ერთად განათლებულ, მცოდნე და პორფესიონალ თაობაზე დგას.

XS
SM
MD
LG