ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალ ანაზღაურებადი მოდელი ბრაზილიელი ლამაზმანი ჟიზელია


ჟურნალ ფორბსის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალ ანაზღაურებადი მოდელი ბრაზილიელი ლამაზმანი ჟიზელია. ბრაზილიელმა სუპერ მოდელმა შარშან 33 მილიონი დოლარი გააკეთა პოდიუმზე სიარულის წყალობით, ეს თითქმის სამჯერ მეტია ვიდრე მეორე ადგილზე გასული ქეით მოსის შემოსავალი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია, მაგრამ ამ გარემოებამ მისი პირადი შემოსავალი ვერ დააზარალა, რომელმაც შარშან 10 მილიონ 300 ათას დოლარს მიაღწია.

ჟურნალ როლინგ სტოუნზის სიტყვებით ჟიზელი მსოფლიოს ულამაზესი გოგონაა, რაც ერთობ საკამათო განცხადებაა, მაგრამ რას იზამ დღევანდელ სამყაროში, სადაც სილამაზე ფულზე იყიდება ყველაფერი ფულით ფასდება, მათ შორის ქალის მშვენიერება. არადა მომხიბლავ იდუმალებას მოკლებული ნებისმიერი ქალი ბევრ რამეს კარგავს სილამაზის თვალსაზრისით. სტრიპტიზ ბარებში მოცეკვავეების აღვირახსნილ მანჭვა გრეხას ქალის სილამაზესთან საერთო არაფერი აქვს, თანამედროვე სუპერ მოდელების პოდიუმზე დედიშობილა სიარული კი ბევრით არაფრით განსხვავდება სტრიპტიზის სანახაობისგან. ასეა თუ ისე ფაქტია რომ ეს ნახევრად შიშველი მოდელები ძალიან დიდ ფულს შოულობენ. მილიონერი ლამაზმანების სიაში მესამე ადგილზე ჰეიდი კლუმი გავიდა, რომელმაც შარშან 9 მილიონი დოლარი გააკეთა. მას ოდნავ ჩამორჩა ვიქტორია სეკრეტის ცნობილი სახე ადრიანა ლიმა 6,8 მილიონი დოლარით. როგორც ადრიანა ლიმა ამბობს სუპერ მოდელობა არცთუ ისე ადვილი საქმეა. თურმე მას ყოველ დილით 6 საათზე უწევს ადგომა, რათა მუდმივად ფორმაში იყოს და დღევანდელ მოდაში არსებული სილამაზის სტანდარტები დააკმაყოფილოს. სხვათა შორის ამ სტანდარტებს გადაჰყვა ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთი ბრაზილიელი მოდელი, რომელსაც ანორექსია დაემართა გამუდმებული შიმშილის გამო. მართალია სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ არა საკუთარი სიცოცხლის ფასად. თუმცა ისიც მართალია რომ თანამედროვე მოდა მილიონობით ახალგაზრდა გოგონას იზიდავს, იმართება ათასგვარი სილამაზის კონკურსები, რომლებშიც გამარჯვება ზღაპრულ სიმდიდრეს უქადის მის მონაწილეებს, მართალია რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამართული ამ კონკურსების მონაწილეთა ნაწილი ხშირად დასვლეთის რომელიმე ქვეყნის იაფ ფასიან საროსკიპოში ამთავრებს თავის მოღვაწეობას, მაგრამ როგორც იტყვიან თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო. დიდი ხანი არ არის რაც ქართველმა ქალებმაც აუწყეს ფეხი თანამედროვე შოუბიზნესის მოთხოვნებს და როგორც ერთმა მხცოვანმა მგოსანმა ბრძანა ქართული ფლეიბოის ფურცლებზე გაშიშვლებით ქართველმა ლამაზმანებმაც თავიანთი გმირული წვლილი შეიტანეს დამყაყებული ქართული საზოგადოების გამოღვიძების საქმეში, რომელსაც არაფრით არ უნდა დაიჯეროს, რომ ურცხვობა სილამაზეა და სახეში შეფურთხება ხელოვნების ნაწარმოები.

XS
SM
MD
LG