ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციას კრიტიკით ხვდება


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განცხადება გააკეთა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია : საქართველოს მოსახლეობას განმუხურიდან პატრიოტული ბანაკის გაყვანისკენ მოუწოდა. ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს - 2 თვის წინ გაიხსნა. გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თბილისმა და სოხუმმა ურთიერთგაგებისკენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. უნდა გააორმაგონ მზაობა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტს განაახლებს. ბან კი მუნის განცხადებაზე უკვე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ : „ გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციაში გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაიტანოს განმუხურის პატრიოტული ბანაკი უსაფრთხოების ზონიდან შორს და ასევე არ დაუშვას, რომ ამ ბანაკის ფუნქციონირებას პროვოკაციული ხასიათი მიეცეს“. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა საქართველოს გზის ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა. „ამერიკის ხმის“ კითხვაზე, ვის უნდა დაეკითხოს საქართველოს ხელისუფლება სად ააშენებს დასასვენებელ ბანაკებს - მცხეთაში, კოჯორში თუ კოდორში ? - შეგვიძლია მოვისმინოთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთის საზღვართან ახლოს პატრიოტული ბანაკის აშენება ხელისუფლების დიდი შეცდომაა ,რისთვისაც გაეროს დამსახურებულ საყვედურებს ვღებულობთ. - საკუთარ ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკების თუ სხვა ობიექტების მშენებლობა, საქართველოს სუვერენული უფლებაა ! - მრეწველთა სახელით ეს განცხადება გააკეთა ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა. - ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებაზე თბილისისადმი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიახლოვეს განლაგებულ პატრიოტული ბანაკის გაუქმების თაობაზე ამბობს, რომ სურს აფხაზეთის საზოგადოება დაარწმუნოს, რომ აფხაზეთში სამართლებრივი სივრცის აღდგენას თბილისი ბავშვების გამოყენებით არ აპირებს. - ასეთი პრობლემების გადაწყვეტა პატრიოტული ბანაკების საშუალებით არ ხდება ! - აცხადებენ მემარჯვენეები.
XS
SM
MD
LG