ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ლიბანურ ჰეზბოლას ერაყში რადიკალების შესაიარაღებლად იყენებს


ერაყში მოკავშირეთა ძალების წარმომადგენელის ბრიგადის გენერალის კევინ ბერგნერის განცხადებით ირანი ლიბანურ ჰეზბოლას ერაყში რადიკალების შესაიარაღებლად იყენებს. ბაღდადში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ მარტში ერაყის სამხრეთში ამერიკელებმა ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური ალი მუსა დაკდუკი ჩაიგდეს ხელში. ეს პიროვნება ირანელთა დახმარებით ერაყელ ტერორისტებს წვრთნიდა:” ირანელების კუდსის ძალებმა ჰეზბოლას ინსტრუქტორების დახმარებით 60-მდე ერაყელი მოამზადეს ასაფეთქებელი ნივთიერების, ყუმბარმტყორცნების, ნაღმტყორცნების და სნაიპერული ვინტოვკების გამოყენებაში.”

გენერალ ბერგნერს დაუჯერებლად ეცვენება ის გარემოება, რომ ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამის შესახებ არაფერი იცის.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ბუშმაც ხაზი გაუსვა ირანელთა დესტრუქციულ როლს ერყში. მისი თქმით:” ირანი აგრძელებს ტერორისტების მომარაგებას თვითნაკეთი ბომბებით, რომლებსაც ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებენ. ირანში დივერსანტების საწვრთნელი ბანაკები მოქმედებს და ისინი ერაყელ მოლაშქრეებს აიარაღებენ.”

პრეზიდენტ ბუშის აზრით ერაყში მიმდინარე კონფლიქტი უფრო ფართო იდეოლოგიური ომის ნაწილია. პრეზიდენტ ბუშის აზრით ამერიკელების მტრები სისხლისმსმელი მკვლელები არიან, რომლებმაც კარგად იციან, რომ ერაყში დემოკრატიის გამარჯვების შემთხვევაში საბოლოოდ დასამარედება მათი ამბიციები:” იგივე სიტუაციაა ავღანეთში, სადაც ალ-ყაიდას მოკავშირე თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნებას ესწრაფვის. ლიბანელი ექტრემისტები თავის მხრივ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას ცდილობენ. პალესტინაში კი კამიკაძე ტერორისტები მოქმედებენ. ირანის პრეზიდენტი, რომელიც ბირთვული იარაღის დაუფლებას ცდილობს ისრაელს განადგურებით ემუქრება.”

ერაყზე ძალზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან ჩვენი წარუმატებლობის შემთხვევაში ყველა ჯურის ექსტრტემისტს გაეხსნება ხელ-ფეხი, ამის გამო ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები იმ მილიონობით ადამიანის გვერდით უნდა დადგეს ვისაც ცვენი საერთო მტრის დამარცხება და მშვიდობიანი მომავლის აშენება სურს. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG