ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალი კინო ერთი წლისაა


ვისაც არ ახსოვს, ან კი ჯერ არ შეუმჩნევია, შევახსენებთ, რომ უკვე ერთი წელიწადია, სამ თვეში ერთხელ გამოდის “ცხელი შოკოლადის” დამატება, ჟურნალი “კინო”. ეს ჟურნალი არ არის, მხოლოდ კინოს შესახებ, თუკი კინო არის კონკრეტული დროის ამსახველი, ჟურნალი “კინოც” ჩვენი დროის ძალიან საინტერესო დოკუმენტია. პირველ რიგში ჩვენი კითხვა ჟურნალის მთავარ რედაქტორთან, ბატონ გოგი გვახარიასთან, ამგვარი იქნება. საიდან გაჩნდა და რატომ გახდა აუცილებელი ამ ჟურნალის გამოშვება?

გოგი გვახარია – ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ როდესაც ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” დაიწყო მუსიკალური დამატების გამოშვება, მე დავიწყე შფოთვა: რატომ არ იმსახურებდა ამას კინო?! ჩვენთან იბეჭდება ყველაფერი ის რაც საინტერესოა და უნდა იბეჭდებოდეს საქართველოში.

- საქართველოში უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე მუდმივად ისმის ამგვარი სახის შეფასება – საქართველოში აღარ არსებობს კინო, ქართული კინო მოკვდა და ა.შ. თუკი ეს შეესაბამება სნამდვილეს, მაშინ რა ფუნქციას შეიძლება ატარებდეს ჟურნალი კინო და რის შესახებ შეიძლება რომ იყოს?

გოგი გვახარია – ჯერ საკამათოა, არსებობს თუ არა ქვეყანაში კინო და მკითხველი მიაქცევდა ყურადღებას, რომ ჩვენთან თვითგვემა და ლაპარაკი იმაზე, რომ დავიღუპეთ კინო არ არსებობს, არ არის! მე გეთანხმებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს კარგი კინო, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი მასალა კინოს გადაღებისათვის. ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და ჩვენი მიზანი, პირველ რიგში იყო, გვესაუბრა, სწორედ ამ მასალაზე, ანუ ყველაფერ იმაზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

- ჟურნალში არის კიდევ ერთი თემა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უკავშირდება კინოს და უფრო პოლიტიკასთან დგას ახლოს. რა არის ეს რუბრიკა, კონკრეტულად რას ეხება და რა ფუნქციას ატარებს?

გოგი გვახარია – რადგან სამ თვეში ერთხელ გამოდის ჟურნალი, აქ მთავარი რუბრიკა არის ასეთი, “რა ხდებოდა ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოში”. ამ ნომერში ჩვენ გვაქვს ნინო ლეჟავას სტატია ამის შესახებ. ეს არის ის მასალა, რომელიც შესაძლებელია არ იყო მედიის ყურადღების მთავარი ობიექტი. შესაძლებელია ძალიან ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლების შემდეგ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება იმის გაგება თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ სამი თვის მანძილზე.

ასე, რომ რამდენად მიაღწია ყოველივე ზემოთთქმულს ჟურნალმა “კინომ”, ეს შეუძლია მკითხველმა თავად განსაჯოს. მათ წინაშე უკვე მეხუთე საიუბილეო ნომერია.

XS
SM
MD
LG