ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ირანული წარმოშობის ამერიკის მოქალაქეთა დევნა გახშირდა


სამშობლოში სტუმრად ჩასული ირანული წარმოშობის ამერიკელების დევნის გახშირება ირანის დასავლელ ექსპერტთა შორის მრავალ კითხვას ბადებს. კარიმ სანჯაპური ბოლო პერიოდამდე თეირანში ცხოვრობდა და კრიზისთა მოგვარების საერთაშორისო ჯგუფისათვის მუშაობდა. მისი თქმით, ბოლო თვეების გამნმავლობაში ატმოსფერო ძალზე შეიცვალა:

“ახლანდელი გალაშქრება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ირანის რევოლუციის პირველ დღეებში არსებულს წააგავს”. ამბობს იგი.

ირანის მთავრობამ ირანული წარმოშობის სამ ამერიკის მოქალაქეს ჯაშუშობაში დასდო ბრალი. ბრალდებულები ვაშინგტონის არასამთავრობო ორგანიზაციის, ვუდრო ვილსონის საერთაშორისო სწავლების ცენტრის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორი ჰალე ესფანდიარი, ჯორჯ სოროსის ორგანიზაციის “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” კონსულტანტი ურბანული დაგეგმარების დარგში კიან ტაჯბახში და სეერთებული შტატების მთავრობის დოტაციაზე მყოფი რადიო “ფარდას” ჟურნალისტი ფარნაზ აზიმა არიან.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ დაკავებულები სადაზვერვო დავალებას არ ასრულებდნენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა ტონი სნოუმ განაცხადა, რომ ბრალდება საკმაოდ აბსურდულია.

ქალბატონ ესფანდიარის მეუღლე, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის თანამედროვე ახლო აღმოსავლეთისა და ირანის საკითხთა პროფესორი შაულ ბახაში ამბობს, რომ იგი ისევეა გაოგნებული ამ ბრალდებებით, როგორც ბევრი სხვა:

“ჩემი მეუღლე, როგორც ვუდრო ვილსონის საერთაშორისო სწავლების ცენტრის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორი აწყობდა კონფერენციებს, შეხვედრებსა და საუბრებს. ჩემ მეუღლეს ვუდრო ვილსონის ცენტრში ცნობილი ირანელი მეცნიერები და ექსპერტები ჩამოყავდა. ირანის მთავრობაც სწორედ ასე იქცევა და მსგავსი დარგების პროფესიონალები, შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და სხვა ადგილებიდან ჩაყავს ირანში გამართულ კონფერენციებზე” . ამბობს ბატონი ბახაში.

უკანასკნელ პერიოდში ირანში დაგეგმიილ კონფერენციებზე მიწვეული ბევრი ამერიკელი სწავლულის ვიზა გააუქმეს:

“ჩვენ ყოველთვის ვუბრუნდებით იმ ფაქტს, რომ ირანის მთავრობაში რამდენიმე სხვადასხვა შეხედულების მქონე ძლიერი ცენტრი არსებობს. აწყობილი, და ისინი ერთი და იგივე საკითხს ხშირად სხვადასხვა კუთხით უდგებიან. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე”. ამბობს ამერიკის სამხედრო სანაოსნო ცენტრის ირანის საკითხთა ექსპერტი ბილ სამიი.

ამჟამად კარნეგის ფონდში მოღვაწე კარიმ საჯაპურის სიტყვებით, ირანის მმმართველ წრეებში შიზოფრენიაა გამეფებული. მისი თქმით მთავრობაში არიან ისეთი პირები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ დასავლეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების შესანარჩუნებლად:

“ყოველთვის, როდესაც შეერთებულ შტატებთან დიალოგის დაწყების პერსპექტივა ან დასავლეთთან არსებული ურთიერთობების დათბობის შესაძლებლობა ისახება, მკაცრი გეზის მომხრეები ასეთი პროცესის ჩაშლას ახერხებენ. ირანის მთავრობა შეერთებულ შტატებთან ერაყის საკითხის ირგვლივ დიალოგს მართავს და პარალელურად მთავრობაში მყოფი მკაცრი გეზის მომხრეები ჰალესა და კიანის მსგავს ადამიანებს აპატიმრებენ. ამ ქმედებით ისინი დიალოგის გაგრძელების შეჩერებას ლამობენ”. ამბობს ბატონი საჯაპური.

ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის წარსდგებიან თუ არა ბრალდებულები სასამართლოს წინაშე. ბილ სამაი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ჯასუშობასთან დაკავშირებულ საქმეებს ფართო უფლებებით აღჭურვილი რევოლუციური ტრუბუნალი განიხილავს.

XS
SM
MD
LG