ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ცენტრში სოფლის მეურნეობის ახალი პროდუქტებით ვაჭრობა ღვივდება


ბოსტონის ცენტრში სოფლის მეურნეობის ახალი პროდუქტებით ვაჭრობა ღვივდება.

საქართველოში ბაზარის არსებობა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ ამერიკის ქალაქში ის ჯერ კიდევ ეგზოტიკურ ხილად აღიქმება. გადატვირთული და ძალზე საქმიანი ამერიკული ქალაქის ბოსტონის ცენტრალურ ნაწილში სოფლური ცხოვრების ნაწილი შეიძლება აღმოაჩინოთ. აქ ყოველ კვირას ბოსტონის ფერმერთა ბაზრობა ფუნქციონირებს. მოვაჭრეები ქალაქის შემოგარენის ფერმერები არიან. ისინი ქალაქს ახალი ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებენ:

“დიდ ქალაქთა უმრავლესობაში ორი ან მეტი ფერმერთა ბაზარი მაინც არსებობს. ამ საქმის გამოცოცხლება მთელს ქვეყანაში აღინიშნება. ხალხს ურჩევნია სურსათი პირდაპირ მწარმოებელი ფერმერისაგან შეიძინოს, ვიდრე გადამყიდველ სუპერმარკეტში. ეს კი მომგებიანია ბაზრისთვის და თავად ფერმერებისთვისაც, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ხშირად გადარჩენისთვისაც კი უწევთ ბრძოლა”. ამბობს მასაჩუსეთსის შტატის ფერმერთა ბაზრების ფედერაციის წარმომადგენელი ჯეფ კოლი.

იმის მაგივრად, რომ მყიდველმა ურიკა აგორავოს სუპერმარკეტის თაროთა რიგებს შორის, აქ ადამიანი გამყიდველებს ეკონტაქტება, სინჯავს მათ მოყვანილსა და შინ ახალი პროდუქტით დატვირთული ბრუნდება.

“ჩვენ მრავალი სხვადასხვა სახის ბოსტნეული, ბაღჩეული და ხილი მოგვყავს. ჩვენ ყვავილებსაც ვზრდით. მე ძალზე მიყვარს სალათის გაზრდა და წელს მიუხედავად უამინდობისა, ათი წლის განმავლობაში საუკეთესო პომიდვრის მოსავალი ავიღე”. გვეუბნება ფერმერი კრის კურტი.

ქალაქის ფერმერთა ბაზარმა მუშაობა ოცდაათი წლის წინათ დაიწყო და მას შემდეგ სულ იზრდება და იზრდება. ჯეფ კოლი თვლის, რომ ეს ტენდენცია ფერმერების დაუღალავი შრომისა და ერთგულ მყიდველთა დამსახურებაა:

“მომხმარებელი სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ჩვენი ნაწარმით დაინტერესებულთა წრე ფართოვდება. თანაც ბაზარში ვაჭრობა უფრო მეტ ფერმერს სწადია. ჩვენი შტატის ზოგო ფერმერი კვირაში თორმეტ ცამეტ ბაზრობაში იღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, რომ ასეთებს უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილი და დამხმარეები ემსახურებათ”. აგრძელებს საუბარს ჯეფ კოლი.

ბაზრობის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ტრადიციის დამკვიდრებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. მათ შორისაა მომხმარებლის დიდი მოთხოვნილება ორგანულ საკვებზე. სასუქისა და პესტიციდების გარეშე მოყვანილ ხილზე და ბოსტნეულზე. მაგრამ ალბატ უმთავრეს ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ ასეთი ბაზრების არსებობას ამერიკის მცირე ფერმების გაკოტრებისაგან გადარჩენა ძალუძს.

XS
SM
MD
LG