ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამუდმებით ირღვევა ლტოლვილთა უფლებები


აფხაზეთიდან დევნილთა დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტს 4-გვერდიანი მიმართვა გაუგზავნა. სახალხო დამცველის ეს ნაბიჯი ერთი კვირის წინ მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია : თბილისში, ვაზისუბნის სპეცავტომეურნეობის შენობიდან 8 ოჯახის გამოსახლებამ.

დევნილებმა 7 დღეღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. სახალხო დამცველი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, გია ხევიაშვილის გადადგომას მოითხოვს. ზემოაღნიშნული ფაქტი, დევნილთა გამოსახლება გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც განიხილეს. ბიუროს წევრთა აზრით დევნილთა პრობლემების დარეგულირება მხოლოდ გია ხევიაშვილის უწყების მოსაგვარებელი არ არის, პარლამენტის ბიუროს წევრები, უმრავლესობაც და უმცირესობაც, ანუ, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც თანხმდებიან, რომ ლტოლვილებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაა აუცილებელი.

- რატომ ? როგორ მოხდა, რომ დევნილთა 8 ოჯახი პატარა ბავშვებით წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ ? - ამ კითხვით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს, ირაკლი გორგაძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ მთავრობამ დაავალა სამინისტროს სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რათა დევნილებმა სამშობლოში დაბრუნებამდე იცხოვრონ ისევე ღირსეულად, როგორც ცხოვრობს საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG