ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2006 წლეს მსოფლიოში 14 000 ტერაქტი განხორციელდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ტერორისტული თავდასხმების გახშირების შესახებ მეტყველებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2006 წლეს მსოფლიოში 14 000 ტერაქტი განხორციელდა, რაც 25%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ ტერაქტებს 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც 40%-ით აჭარბებს 2005 წელს დაღუპულთა რაოდენობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანტი- ტერორისტული სამსახურის კოორდინატორის ფრენკ ურბანჩიჩის განცხადებით:” ტერორიზმთან ბრძოლა ერაყში რომ არ მიდიოდეს, სხვაგან მოგვიწევდა მასთან შეჯახება. ეს ბრძოლა ავღანეთში დაიწყო. ტერორისტები ყველგან ეძებენ სამოქმედო ასპარეზს. ამჟამად ჩვენ მათ ერაყში ვებრძვით ხვალ შესაძლოა სხვაგან მოგვიწიოს შეჯახება.”

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტერაქტების 80% ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაზე მოდის. მათგან ნახევარი ერაყში განხორციელდა. ტერაქტების მსხვერპლთა ორი მესამედიც, 13 000 ადამიანი, ამ ქვეყანაზე მოდის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისით ტერორიზმს მთელს მსოფლიოში 5 სახელმწიფო უჭერს მხარს. კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი და სირია.

XS
SM
MD
LG