ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სპეციალურ კანონს მიიღებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არასრულწლოვან ახალგაზრდებს იწვევენ ჯარში


არასრულწლოვანები მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის სამხედრო ნაწილებში მსახურობენ. დაუზუსტებელი მონაცემებით, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე კონფლიქტებში ასობით ათასი ბავშვი ჯარისკაცი ომობს. მათი უმეტესობა აფრიკის არმიებში მსახურობს, მაგრამ ბევრი ნეპალის, კოლუმბიისა და სხვა ქვეყნების პარტიზანულ მოძრაობებშია ჩართული. შეერთებული შტატების სენატის ქვეკომიტეტის წინაშე ყოფილი ბავშვი ჯარისკაცი, მწერალი ისმაელ ბეაჰი წარსდგა. მან სიერა ლეონეში ჯარისკაცობაში გატარებული, საკუთარი განსაცდელით სავსე წლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით რეაბილიტაცია შესაძლებელი, მაგრამ ძალზე გრძელვადიანი პროცესია: “რაც მე ვნახე, რის გაკეთებასაც მაძალებდნენ, იმის დავიწყება შეუძლებელია.მაგრამ მე ვთვლი, რომ ბავშვები, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს ახლა კარგად გრძნობენ რის გაკეთება არ შეიძლება. რა არის ნამდვილი ძალადობა, როგორ გარდაქმნის ეს ძალადობა ადამიანის ბუნებას. რას უქადის ეს საზოგადოებას და ადამიანს ზოგადად”. სთქვა ბატონმა ბეაჰიმ. ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც ჯარში მომსახურე მოზარდების განიარაღებისატვის, დემობილიზაციისა და რეაბილიტაციისათვის საკმარისად არ იღწვიან. ამ კანონპროექტმა ქვეკომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა: “მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დახმარება ხშირად მნიშვნელოვანი არ არის, შეერთებული შტატების მხარდაჭერის დაკარგვა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დარტყმა იქნება ამ რეჟიმებისთვის და მათ ჯარში მოზარდების გაწვევის შეწყვეტისკენაც წაუქეზებს”. ამბობს ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვოჩის” წარმომადგენელი ქენეტ როტი. კოლუმბიაში ხელისუფლების მხარეზე მებრძოლი გასამხედროებულ ჯგუფებს ბავშვი ჯარისკაცების გამოყენებაში ედებათ ბრალი. ამ პრაქტიკას კი კანონის მიღების შემთხვევაში, კოლუმბიისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტა ძალუძს: “ეს ბევრად ძნელი იქნება. იმიტომ, რომ სიაში მყოფი ათი ქვეყნიდან ცხრა ამერიკის მეგობრად და მოკავშირედ მოიაზრება. ჩვენ მათ პირდაპირ უნდა განვუცხდაოთ, რომ თანამშრომლობა მათ არმიებში ბავშვების გაწვევის აკრძალვასაც გულისხმობს. ამერიკამ ამ ქვეყნებს უნდა აგრძნობინოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას იუარებენ, ჩვენ საკადრის ზომებს მივიღებთ”. სთქვა სენატორმა დურბინმა. სენატის ქვეკომისიის წინასე წარმდგარნი თანხმდებიან, რომ ბავშვების ჯარში გაწვევის პრაქტიკის შესაწყვეტად კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. მათ მოწონება გამოხატეს სიერა ლეონეში ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო სასამართლოს შექმნის გამო. ამ სასამართლოში ბავშვების ჯარში გამწვევებსაც გაასამართლებენ.
XS
SM
MD
LG