ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უცხოელებს ბაზრებში ვაჭრობას უკრძალავს


ახლა რუსეთში მყოფი მილიონობით მიგრანტი სამუშაოს გარეშე რჩება. მათგან ერთ-ერთი ტაჯიკი ხალიმჯონ ახმადალიევია, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში დღეში თორმეტი საათის განმავლობაში მოსკოვის სხვადასხვა ბაზრებში ბოსტნეულით ვაჭრობს:

„ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ოჯახის გამოსაკვები პურის ფულის საშოვნად აქ ძალზე ბევრი ადამიანი ჩამოდის. ჩემი შვილები აქ სწავლობენ. მე ისინი უნდა გამოვზარდო. ახლა კი არ ვიცი რა გავაკეთო. ალბათ ბავშვების სკოლიდან გამოყვანა და სამშობლოში დაბრუნება მომიწევს”. ამბბობს ხალიმჯონი.

გასულ იანვარს რუსეთმა ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც უცხოელებს ალკოჰოლითა და მედიკამენტებით ვაჭრობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკრძალებათ. პირველი აპრილიდან კი უცხოელებს ბაზრებში ვაჭრობაც აეკრძალათ. ახალი კანონს სხვადასხვა ინციდენტები უსწრებდა წინ. ერთ-ერთი უკანასკნელი კარელიის ქალაქ კონდოპოგაში ადგილობრივებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარ შეტაკება იყო. ამ შეტაკებაში ორი ადგილობრივი დაიღუპა. თუმცა მართალია აღარავის ახსოვს, რომ ჩეჩნები უცხოელები კი არა უბრალოდ რუსეთის სხვა რეგიონის წარმომადგენლები არიან.

ახლა ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ ახალი კანონი რუსეთში რასობრივი და ეთნიკური შუღლის გაღვივებას სეუწყობს ხელს. უკვე დიდი ხანია რაც რასიზმის მოწინააღმდეგეები რუსეთში რასიზმის მომძლავრებას აღნიშნავენ. გასულ ნოემბერს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ათასობით ქსენოფობიით შეპყრობილი გამოვიდა ქუჩებში. დემონსტრაცია რომელსაც „რუსეთის მარში” უწოდეს, მოაწყო ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციამ „მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ”.

ნიკიტა მიკირტიჩიანი მოსკოვის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტია. მისი თქმით, პოპულისტური ახალი კანონის მიღებით, ხელისუფლება მომავალი არჩევნებისათვის ქულების დაგროვებას ლამობს:

„ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ არჩევნებამდე რაღაც უნდა მოემოქმედებინათ. რომ ეჩვენებინათ თუ როგორ ეპასუხება ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას. თუ ხალხს ბაზრებიდან უცხოელების გაქრობა სწადია, თუ ხალხს უცხო სახეების დანახვა არ სურს, მაშინ ხელისუფლება ამ მოთხოვნას ასრულებს”. ამბობს ბატონი მიკირტიჩიანი.

იგი ამატებს, რომ ასეთი პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ზოგი ინფორმაციით, რუსეთში დაახლოებით თორმეტი მილიონი არალეგალური იმიგრანტი იმყოფება. ბევრი მათგანი რუსეთზე უფრო ღარიბი ქვეყნებიდან არის გადმოხვეწილი და ისეთ სამუშაოს ჰკიდებს ხელს, რომელსაც თავად რუსეთის მოქალაქეები თაკილობენ”

„ჩვენი ეკონომიკის ზრდიდან გამომდინარე, მალე მუშახელის უკმარისობის პრობლემის წინაშე დავდგებით. ამ პრობლემას კი რა თქმა უნდა იმიგრანტების გარეშე ვერ გადავწყვეტთ”. ასრულებს ბატონი მიკირტიჩიანი.

გასულ ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბაზრებს ხშირად რუსებისაგან ეთნიკურად განსხვავებული კრიმინალეური ელემენტები მართავენ. პრეზიდენტმა მთავრობას რუსული პროდუქციისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვისაკენ მიმართული ზომების მიღება მოსთხოვა.

ნიკიტა მიკირტიჩიანი აგრეთვე შიშობს, რომ ახალი კანონი ბიუროკრატებსა და პოლიციელებს შორის კორუფციის გაფურჩქვნას შეუწყობს ხელს. გასულ წელს ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ „ტრანსპერენსი ინტერნეშნლმა” რუსეთი მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG