ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობის მიზეზების კვლევა


განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტზე უკვე მუშაობს, რომელსაც საშუალო სკოლებში მოზარდებისათვის კონფლიქტების არაძალადობრივი, მშვიდობიანი გზით მოგვარება ქვია. გარდა ამისა სამინისტროს ინიცატივით სკოლის შენობაში დამონტაჟდება ფარული ვიდეო თვალი, რომელიც მომავალში დანაშაულის ჩამდენი ბავშვის აღმოჩენას შეუწყობს ხელს. ამგვარი გამოცდილება თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს. მაგრამ აქ ერთი სხვაობაა, ჯერ დღის წესრიგში არ დგას ისეთი კვლევების ჩატარება, რომელიც ამ ძალადობრივი ქმედებების მიზეზს გამოიკვლევს. დღეს ჩვენ ვესაუბრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტს, ნინო მახაშვილს. რა შეიძლება იყოს ასე გახშირებული ძალადობრივი შემთხვევების მიზეზი?

ნინო მახაშვილი - თითოეული ბავშვი, ახალშობილი ასოციალური არსებაა. ჩვენ ვიცით - ადამიანი, რომ იბადება, შემდეგ სჭირდება აღზრდა, მუდმივი და საკმაოდ მკაცრი აღზრდაც, რომ სოციუმის და საზოგადოების წევრი გახდეს. ჩვენ მათ ვასწავლით იმ ფასეულობებს და იმ წესებსა და ჩვევებს, რომელიც შემდეგ მას საზოგადოების წევრად აქცევს. ეს აღზრდის პროცესი იწყება ოჯახით, თუმცა, პარადიგმა ოჯახი თუ სახელმწიფო - ძალიან დიდი ხნის დოქტრინაა, რომელზეც მსჯელობენ. ასე, თუ ისე მე ვთვლი, რომ სახელმწიფო, როგორც მამა, დომინირებს ხოლმე, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას მცირეწლოვანი თუ არასრულწლოვანი ბავშვის ქცევებზე კონტროლის დაწესების თვალსაზრისით. მე მივესალმები განათლების სამინისტროს მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამის წამოწყებას სკოლებში. თუმცა კი, 12 წლიდან ამის დაწყება, ანუ მეშვიდე კლასიდან, ეს უკვე დაგვიანებულია. მითუმეტეს ეხლა ვსაუბრობთ იმაზე თუ რომელი წლიდან უნდა ვაგებინოთ ბავშვს პასუხი საკუთარ ქმედებებზე 12-დან თუ 14-დან?! ბავშვმა სულ თავიდან, თოთოობიდან უნდა ისწავლოს და ის ამ შემთხვევაში სწავლობს მაგალითის ძალით... არის ასეთი მიდგომა – ბიოფსიქო სოციალური, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი როგორც გენეტიკური მეხსიერების მატარებელი არსება, სწავლობს საკუთარი ფსიქოლოგიური პროცესების მართვას და საზოგადოება მოქმედებს მასზე. ეს დაყოფაც სუფთა ევრისტიულია, ჩვენ ვიცით, რომ ტვინიც სოციალური ორგანოა, ტვინი სწავლობს იმ ნორმების მიხედვით, რაც საზოგადოებაში არსებობს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ქცევა არის ნაკარნახევი ამა თუ იმ საზოგადოების ნორმებით. ამიტომ, როდესაც ბავშვსისგან რაღაცას ვითხოვთ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დავინახოთ ამ სარკეში. ჩვენი საზოგადოება კი ძალადობრივი საზოგადოებაა, ჩვენში ძალა პატივსაცემია. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ოჯახებში, ჩვენი აღზრდის სტილში, სკოლაში, გნებავთ პოლიტიკაში, ისტორიაში ძალა ფასდება და ბავშვი ამას ითვისებს. ამიტომაც, როდესაც ვამბობთ - რა ვქნათ? ბავშვის ქცევა ყველას პასუხისმგებლობაა და ამ ყველაში შედიან პედაგოგები, იურისტები და ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები არიან, რადგან ბავშვის ასოციალური, აგრესიული ქცევა ჩვენი პრობლემაა. ეს ფსიქო-სოციალური პრობლემაა, მაგრამ დღეს ჩვენ შგვიძლია ამ ბავშვებთან მუშაობა, გვაქვს ტექნოლოგიები, შესაძლებელია ამ ბავშვების კორეგირება და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

- ასე, რომ მაშინ როდესაც ბავშვების, მოზარდების აგრესიასა და ძალადობაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ როგორი სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გატარდეს მათ საწინააღმდეგოდ, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ყველა მოზარდი იმ საზოგადოების, იმ სოციუმის, სარკეა თუ შვილია, რომელსაც ის წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG