ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა !


ყველასათვის ცნობილია რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გუშინდელ რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტის ინიციატივას იხილავდა ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ. პრეზიდენტმა პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას შორის მიღწეული თანხმობა ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტის ინიციატივა - კანონპროექტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, რასაც კოკოითის დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვა. ე.კოკოითი დ.სანაკოევს და სანაკოევის ალტერნატიულ ხელისუფლებას შეწყალებას და ამნისტიას დაპირდა სანაცვლოდ ბოდიშის მოხდისა ოსი ხალხის წინაშე.

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ოსი ხალხის ინტერესებს ვღალატობთ! - უპასუხა კოკოითს დ.სანაკოევმა და გამოთქვა რწმენა, რომ მალე ოსი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა ყველა ჩადენილ უკანონობაზე თავად კოკოითის რეჟიმს მოუწევს:

“რუსეთის პრეზიდენტის დავალებით რუსეთის საგარეო უწყებამ შეიმუშავა და ამ დღეებში გამოაქვეყნა დოკუმენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ხაზგასმულია დაპირისპირების მცდელობა საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი უნდა შეეცადოს დაამყაროს ქართველ ხალხთან პოზიტიური დიალოგი, ხოლო კონფრონტაცია რუსეთის მხრიდან ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას.”

აღნიშნულ დოკუმენტზე სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ სიტუაცია ექსტრემალურთან არის მიახლოვებული და საქართველოს ხელისუფლებამ დინჯად, ყველა ნაბიჯი უნდა აწონ-დაწონოს.

XS
SM
MD
LG