ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ახალი ელჩი ერაყში ფიცს დებს


შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა ერაყში რაიან კროკერმა დღეს ბაღდადში მდებარე ამერიკის საელჩოს შენობაში ფიცი დადო. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკურ კურსს ერაყში თავს კრიტიკისყველაზე დიდი ქარცეხლი ატყდება და, რომ ერაყის უშიშროებას ჯერ კიდევ მოთარეშეები და შეიარაღებული ფორმირებები უქმნიან საფრთხეს.

ელჩმა ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ მალიკის ქვეყნის გაერთიანებისაკენ მიმართული კურსის გაგრძელებისაკენ მოუწოდა.

დღეს ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში განხორციელებულ აფეთქებას სამი, ხოლო დედაქალაქის სამხრეთით მდებარე დაბა მაჰმუდიაში მომხდარ აფეთქებას კი ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერაყის საგზაო პოლიციის მეთაურზე ჯაფარ ალ-ხაფაჯიზე განხორციელებული თავდასხმისას კი ორი პოლიციელი დაიღუპა.

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში ამერიკელმა სამხედროებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს.

ამის ფონზე აშშ სენატი დღეს სავარაუდოდ კენჭს უყრის კანონპროექტს ერაყში მიმდინარე ოპერაციების დაფინანსების შესახებ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მომავალ წელს ამერიკული ძალების ერაყიდან გაყვანას.

122 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი, ისევე როგორც წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული მსგავსი დოკუმენტი, პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, უნდა გახდეს მომავალ წელს ერაყიდან ამერიკული ძალების გაყვანის დაწყების საფუძველი.

ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ერთ საკანონმდებლო აქტად უნდა შედგეს, საბოლოო ეტაპზე კი მას პრეზიდენტი აწერს ხელს.

ჯორჯ ბუშმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონპროექტს რომელიც ერაყიდან ამერიკული ძალების გაყვანას კონკრეტულ თარიღს დაუწესებს.

XS
SM
MD
LG