ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ლიტერატურა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე


- წელს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამაში, რომელიც ქართული კულტურის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გულისხმობს, კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ელის. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ ლიტერატურას საკუთარი ადგილი, ე.წ. სტენდი ექნება, სადაც ქართველი მწერლები საკუთარ ლიტერატურულ ტექსტებს წარადგენენ. შარშან წიგნის ბაზრობას, მწერალი ლაშა ბუღაძე ესწრებოდა, წელს კი მისი ინიციატივით ფრანკფურტში ქართველი მწერლების გაცილებით დიდი ნაწილი წარსდგება. ლაშა ბუღაძე გვიამბობს.

ლაშა ბუღაძე – ჩვენ დავაინტერესეთ კულტურის სამინისტრო ამ თემით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ვინაიდან მე შარშან გახლდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და სამწუხაროდ მე შოკში ვიყავი, როდესაც ვნახე, თუ რა მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი საქართველო ამ ბაზრობაზე. ეს არის რამდენიმე სტადიონისხელა დიდი შენობა, სადაც არის განთავსებული გიგანტური გამომცემლობები, სახელმწიფოები, რომელნიც მათ კულტურას წარადგენენ. ამ უზარმაზარ სპექტრში საქართველი იყო ჩაკარგული, და მას მხოლოდ სამი ცალი წიგნი ქონდა წარმოდგენილი.

ძალიან გული დამწყდა, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო, ქართული ლიტერატურა, არანაკლებ მნიშვნელოვანია და მას აქვს უნარი საკუთარი თავი სხვა ქვეყნების გვერდით სრულფასოვნად წარმოადგინოს. თანაც ისიც უნდა ვთქვა, რომ ქართული ლიტარატურის ინტერესი დამსწრე საზოგადოებისგან იყო. წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საშუალებით დამზადდა და ჯერ კიდევ მზადდება საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა წიგნებისა. შარშან წინ აკა მორჩილაძის “სანტა-ესპერანსა” იქ გაიყიდა და გამოიცა გერმანულ ენაზე. ყოველ წელს ფრანკფურტის ბაზრობას ყავს მთავარი სტუმარი, შარშან მაგალითად ინდოეთი გახლდათ. ჩვენი წლევანდელი სტუმრობა ფრანკფურტის ბაზრობაზე იქნება ჩვენი პირველი განაცხადი.

- პირველი განაცხადის შემდეგ, თუკი დაინტერესება დიდი იქნება, იმედია რამდენიმე წელიწადში საქართველოც გახდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი სტუმარი.

XS
SM
MD
LG