ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ამბები


დღეს რუსეთში გლოვის დღეა. ქვეყანა ბოლო ათი წლის განმავლობაში სამი შემზარავი ტრაგედიისას დაღუპულებს გლოვობს. -თვითმფრინავის დაღუპვას, ხანდაზმულთა სახლში გაჩენილ ხანძარს და მაღაროს აფეთქებას მთლიანობაში 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთის განცხადებით, მოსკოვი მხარს არ დაუჭერს გაეროს მომეტებულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ რომ თეირანი ურანის გამდიდრებაზე ამბობს უარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასეთ განცხადებას დღეს აკეთებს დუმის ქვედა პალატის დეპუტატების წინაშე. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცოტა უფრო ადრე დათანხმდა ირანის წინააღმდეგ თანდათანობთი ნაბიჯები გადადგას და პროპორციულად იმოქმედოს თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შენარჩუნების საპასუხოდ.

გაეროში, ამ ფონზე, უშიშროების საბჭოს 15 წევრი სახელმწიფოს ელჩები სანქციების პროექტს განიხილავენ.

საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია რეზოლუციის არსებულ პროექტზე გასულ კვირას შეთანხმდნენ.

თუმცა, საბჭოს რამდენიმე არჩეულმა წევრმა, მათ შორის საბჭოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის ფუნქციის შემსრულებელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ რეზოლუციის პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

პაკისტანის იურიდიული პროფესიის ათასობით წარმომადგენელმა, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს დემონსტრაცია გამართეს პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის გადაწყვეტილებისადმი პროტესტის გამოხატვის ნიშნად. პრეზიდენტმა როგორც გახსოვთ ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაათავისუფლა თანამდებობიდან.

სომალიში თვითმხილველების განცხადებით, მას შემდეგ რაც მეამბოხეებსა და ეთიოპიის ჯარებს შორის შეტაკებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოგადიშუს ქუჩებში მოთარეშეებმა დაწვეს და ათრიეს დაახლოებით ორი ჯარისკაცის ცხედარი.

შეტაკებები გაჩაღდა როცა მეამბოხეები ეთიოპიის ტანკებს დაესხნენ თავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის შტაბბინის შორიახლოს მოგადიშუში.

ეთიოპიის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. თვითმხილველთა განცხადებით, დაღუპულთა შორის არის 6 ჯარისკაცი.

დეკემბერში ეთიოპიამ ჯარები განალაგა სომალიში, რათა დროებით მთავრობას დახმარებოდა ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველაე.

სომალის მთავრობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა სცნობს, მას შემდეგ ცდილობს გაუმკლავდეს ისლამისტური მოძრაობის მომხრეთა შეტევებს.

აფრიკის კავშირმა სომალიში საკუთარი ჯარები განალაგა რათა იქ ეთიოპიის საჯარისო შენაერთები ჩაანაცვლოს. ადის აბაბა ჯარების გაყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG