ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუბრები ლუსტრაციაზე


9 მარტს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა გერმანელ სტუმართან იოახიმ გაუკთან და საუბრები ლუსტრაციაზე. გაუკი ის ადამიანი გახლავთ, ვინც აღმოსავლეთ გერმანიაში სწორედ ლუსტრაციის პროცესს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ მას ხშირად იწვევენ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ლუსტრაციის კანონის დახვეწას და მის შესრულებას გეგმავენ. ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ქართველ პოლიტიკოსებსაც ქონდათ შესაძლებლობა მისი გამოცდილებისთვის მოესმინათ და საკუთარი მოსაზრებებიც გაეზიარებინათ. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრი ივლიანე ხაინდრავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკო რურუა და საზოგადოების წარმომადგენელი გიგა ზედანია. ამ შემთხვევაში მათი პოზიციები გასაგებია. ივლიანე ხაინდრავა ლუსტრაციის აუცილებლობაზე საუბრობს:

ივლიანე ხაინდრავა – ჩვენ სამწუხაროდ, არა ვართ მხოლოდ მსხვერპლი, ჩვენ ვართ ჯალათებიც. ათას სულ მოსახლეზე კომპარტიის წევრთა რიცხვით ჩვენ საბჭოთა კავშირის მოწინავე რიგებში ვიყავით. დამსმენები, ჯალათები არანაკლებად იყვნენ ჩვენს შორის, ვიდრე სხვაგან. ჩვენივე არც თუ შორეული ისტორიის ეს სამარცხვინო პერიოდი თუ არ არის სათანადოდ შესწავლილი, გააზრებული და დაგმობილი, მაშინ ყოველთვის იარსებებს რისკი წარსულის გამეორებისა.

- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნიკო რურუა ლუსტრაციის აუცილებლობას ემხრობა, მაგრამ სხვადასხვა საშიშროებებს ხედავს. რაც არც თუ ისე დამაჯერებლად ისმის.

ნიკო რურუა – რაც შეეხება თვითონ იდეას, არა მგონია ამას მოწინააღმდეგე ყავდეს ქვეყანაში. მაგრამ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გასათვალისწინებელია. საბჭოთა რეჟიმი გერმანიაში მოქმედებდა გერმანული წესრიგით და საქართველოში კი ქართული წესრიგით. დაწინაურების სისტემა საბჭოთა სისტემაში იყო დამყარებული იმაზე, ვინც უფრო მეტ ადამიანს მიიმხრობდა და გამოიყენებდა, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია ეს სიები არ იყოს სანდო.

- ნიკო რურუას ამ არგუმენტს ყველაზე დამაჯერებლად თავად იოახიმ გაუკი პასუხობს, რომელიც ისევ და ისევ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდიანარე საუბრობს.

იოახიმ გაუკი - მე მინდა ვუპასუხო ბატონ ნიკო რურუას იმის თაობაზე, რომ თითქოს გერმანიაში ამ აქტების შედგენა გერმანული წესიერებით ხდებოდა, საქართველოში კი ეს ქართულად მოხდა და რომ ამ აქტებში ბევრი უდანაშაულოც არის მოხვედრილი. მინდა ვთქვა, რომ ეს არგუმენტი ჩემთვის ნაცნობია პოლონეთიდან და რუმინეთიდან, და ეს იმ ადამიანებისგან ისმოდა ვინც ლუსტრაციის წინააღმდეგი იყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან არც რუმინეთში და არც პოლონეთში ეს წინდახედული საშიშროება არ გამართლდა.

- იმედი ვიქონიოთ, რომ გოეთეს ინსტიტუტისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული ეს შეხვედრა და საუბრები ლუსტრაციაზე, მოამავალში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯის საწყისი იქნება ლუსტრაციისკენ.

XS
SM
MD
LG