ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოდორის ხეობა დაბომბეს !


აფხაზური მხარის კონტროლირებად ტერიტორიიდან გუშინ საღამოს ზემო აფხაზეთის სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი ჭურვი მოხვდა შენობას, სადაც მ.წ. 27 სექტემბრიდან აფხაზეთის ხელისუფლებაა განლაგებული, 2 ჭურვი საცხოვრებელი სახლების მახლობლად, 1 ადგილობრივი სკოლის ეზოში აფეთქდა. ამავე დროს საქართველოს საჰაერო სივრცეში, კოდორის ხეობაში იმყოფებოდა 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ბომბები ს.ჩხალთასა და აჯარას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. კოდორის ხეობის დაცხრილვასთან დაკავშირებით ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები. ვერტმფრენმა, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დავალებას ასრულებდა, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა. კატასტროფის, ჯერჯერობით სავარაუდო მიზეზი - რთული მეტერეოპირობები გახდა. ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა.

ხეობის დაბომბვის გამო ყაზახეთში ვიზიტი შეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისში დაბრუნდა. სოხუმი ხეობის დაბომბვასთან საკუთარ მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, მოხდა თუ არა საერთოდ დაბომბვა.

სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მერაბ ანთაძის განცხადებით 11.03. 22-საათზე და 10 წუთზე რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირდა. 2 სამხედრო ვერტმფრენის მიერ დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში უცხო ქვეყნის საფრენი აპარატებიდან საქართველოს ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა ხდებოდა.

„ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, პირველ რიგში გაეროსა და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყანათა ჯგუფის წევრ-სახელმწიფოებს, სათანადო რეაგირება მოახდინოს საქართველოსა და სამშვიდობო პროცესის აქტივიზაციისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მიზნით „ - ნათქვამია მ.ანთაძის განცხადებაში.

კომენტარისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თემურ მჟავიას მივმართე, რომელიც ამბობს, რომ მოხდა წმინდა წყლის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. „ - ვინ განახორციელა ?! ყველა გზას მივყავართ კრემლისკენ ! „

XS
SM
MD
LG