ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქ. პრეზიდენტი კორუფციას ებრძვის


დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, რომელიც ტრადიციულად ოთხშაბათობით იმართება სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პრეზიდენტმა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია გაუქმებულად გამოაცხადა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში თავიდან ბოლომდე კორუმპირებული კანონპროექტი „ გაძვრა“, რის შედეგად შეიქმნა წურბელა - საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული მარეგულირებელი კომისია და რომლის ფუნქციაა თითოეული მგზავრისგან დამატებით ზედმეტი გადასახადების ამოღება. ეს ეხება საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს, რაც მ.სააკაშვილის თქმით, ბილეთების საფასურს აძვირებს.

პრეზიდენტის თქმით, ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიაში არიან წურბელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ. ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრს, გიორგი არველაძეს დაავალა გაეკონტროლებინა, რომ ამ კომისიის 217-მა თანამშრომელმა სამუშაო დღის დასრულებამდე დატოვონ კაბინეტები, ხოლო აღნიშნული სამსახური ლიკვიდირებულად გამოცხადდეს. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით ლილოში, საბაჟო ტერმინალზე გაემგზავრა, სადაც საჯაროდ სამსახურიდან საბაჟოს უფროსი ზურაბ ანტელიძე გაათავისუფლა.

ლილოში გამგზავრებამდე მ.სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ყველა მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის გადახედვის შესახებ დააყენა საკითხი, მათ შორის ნავთობისა და გაზის სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ, რომლის წევრები პრეზიდენტის თქმით სამსახურში მხოლოდ ხელფასის აღების დღეს დადიან, ხოლო ხელფასი 3 ათასიდან - 5 ათასამდე ლარს შეადგენს. ახალი მემარჯვენეების წევრის, მამუკა კაციტაძის კომენტარის თანახმად პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე სპექტაკლი მოაწყო, ხოლო თანამდებობის პირების მოხსნა და კომისიების გაუქმება სახელისუფლებო სტრუქტურებში არსებულ ინტრიგებს და დაპირისპირებას დააბრალა.

უმრავლესობის წევრები - კახა ოქრიაშვილი და მანანა ჯებაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, ასევე დადებიტად შეაფასა რიგითმა ერთ-ერთმა თბილისელმა, ირინე კუკავამ.

XS
SM
MD
LG